ნიკა სიმონიშვილი – საქართველოს თავს დიდი უბედურება ტრიალებს, რასაც სრული სერიოზულობით კანონებში წერენ, პარანოიაა – ეს არის ქვეყნის ახალ კონსტიტუციურ წესრიგში შეყვანა

ჩემი აზრით, ეუთო-ს ქვეყნების ექსპერტული მისიის დასკვნა “ქართული ოცნებისთვის” არ იქნება, იქნება საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ უფრო მკაცრი პოლიტიკური ინსტრუმენტები უნდა გამოიყენონ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ, – ამის შესახებ იურისტმა, ნიკა სიმონიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმის” გააქტიურებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც ეუთო-ს 24 ქვეყანა უერთდება.

სიმონიშვილის აზრით, “ქართული ოცნება” ეუთო-ს მისიის მიერ მომზადებული დასკვნის შემდეგ უკან არ დაიხევს, რადგან, მისი განმარტებით, სახელისუფლებო გუნდს უკან დახევის პრაქტიკა არ ჰქონია.

“ეს პრეცედენტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებით, სავარაუდოდ, შეიქმნება, უკვე მიანიშნებს იმას, რამდენად მძიმედ არის ქვეყანაში მდგომარეობა საერთაშორისო საზოგადოების თვალში.

მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს დასკვნა “ქართული ოცნებისთვის” სახარბიელო არ იქნება, რადგან ჩვენ გვაქვს “ეუთო/ოდირის” არაერთი შეფასება ადამიანის უფლებათა კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის შეფასება და ევროსასამართლოც სწრაფი ტემპით იხილავს საქმეებს. ამ ყველაფრის შემდეგ, მე არ მგონია, რომ კარგი დასკვნა დაიდოს.

მე არ მგონია, რომ “ქართულ ოცნებაში” გონიერება ეყოფათ და უკან დაიხევენ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ უფრო შეიძლება შეჩერდნენ რაღაც მომენტში და მეტი აღარ გააგრძელონ, მაგრამ უკან დახევის პრაქტიკა არ ჰქონიათ.

ჩემი აზრით, ეს დასკვნა “ქართული ოცნებისთვის” არ იქნება, ეს იქნება საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ უფრო მკაცრი პოლიტიკური ინსტრუმენტები უნდა გამოიყენონ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ”, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

იურისტმა “ქართული ოცნების” ახალი საკანონმდებლო ინიციატივებიც შეაფასა, რომლის მიხედვითაც გრანტების კანონი მკაცრდება და გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.

სიმონიშვილმა გამკაცრებული კანონები „უბედურებად“ და „პარანოიად“ შეაფასა.

მისი განმარტებით, “ქართულ ოცნებას” სურს, თითოეული ადამიანის ფული აკონტროლოს, რადგან ხელისუფლებაზე ფინანსურად დამოკიდებული ადამიანი თავისუფალი ვეღარ იქნება.

“რაც ახლა ამ ქვეყნის თავს ტრიალებს, ეს არის ერთი დიდი უბედურება. რასაც ეს ხალხი სრული სერიოზულობით ამ კანონებში წერს, ეს არის სრული პარანოია. თუ ჩემთვის არასასურველი დაფინანსება მიიღე, ექვს წლით ციხეში ჩაგსვამთო – ეს წერია მოკლედ კანონში.

ეს არის კონცეპტუალურად ახალ კონსტიტუციურ წესრიგში შეყვანა და ეს წესრიგი არანაირად არ არის დემოკრატიული და ეს ნიშნავს იმას, რომ მარტო მათი – “ქართული ოცნების” პოლიტიკოსების არის ძალაუფლება. არა, ძალაუფლება არის ხალხის, ხალხი პოლიტიკოსების მეშვეობით ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას და პოლიტიკური საქმიანობა სწორედ ხალხზე დგას, სხვა შემთხვევაში ეს დემოკრატია უკვე აღარ არის.

აქ არის ერთი მომენტი – მათ (“ქართულ ოცნებას”) სურთ, გააკონტროლონ მთელი თანხა, ანუ ადამიანების პოლიტიკური დამოუკიდებლობა გადის მათ ფინანსურ დამოუკიდებლობაზე. “ქართული ოცნება” სიღარიბითა და ფინანსური დამოკიდებულებებით აკონტროლებს ქვეყანაში ასობით ათას ადამიანს, ამას კი აკეთებს ბიუჯეტის ფულით. ახლა სურს, ეს კონტროლი გაავრცელოს ურჩ ბიზნესზე, რომლის ფულსაც ვერ აკონტროლებს და ამისთვის სრული მექანიზმები არ ჰქონდა. სურს, რომ გარედან შემომავალი ფულიც აკონტროლოს. რატომ გამოთიშა საარჩევნო პროცესიდან ემიგრანტები? იმიტომ, რომ ემიგრანტების ფინანსურ მდგომარეობას ვერ აკონტროლებდა, ისინი ფინანსურად “ქართულ ოცნებაზე” დამოკიდებულები არ იყვნენ”, – განაცხადა სიმონიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ან უცხოელთან, ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან რაიმე სახის კავშირი აქვს და რაიმე, თუნდაც უფასო ბენეფიტს იღებს მისგან

სალომე სიმონია: 1,2 მლნ. ლარის უძრავი ქონება; 4 მილიონზე მეტი გასესხებული… – მილიონერმა დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ გუშინ, ჯერ დამღუპველი კანონი დააინიცირა და მერე თქვა: პირველ რიგში, გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკური წინსვლა და განვითარებაო