ნიკა სიმონიშვილი: საზოგადოების ის ნაწილი, ვინც გაკრიტიკებთ, სამშობლოს მტრებად, მოღალატეებად გამოაცხადეთ და რომელ დებატებზე მელაპარაკებით?

იურისტი, ნიკა სიმონიშვილი:
დღეს დილით რ2-დან მივიღე შემოთავაზება დებატებში მონაწილეობაზე. ცოტა გამიკვირდა, ვერ გავიგე, რა შუაში ვიყავი ამ პოლიტიკურ გაუგებრობაში.
მოკლე პასუხი დავაბრუნე უარით, მძიმე დღე მქონდა და მართლა დამეზარა რამის ახსნა. სანამ ღამე მაყურებელს ეტყოდნენ, შეეშინდათ და თავი აარიდეს დებატებში მონაწილეობასო და აქ ავუხსნი საზოგადოებას, რატომ არაფერი მესაქმება მაგ დებატებში.
არასდროს არ გავქცევივარ არავისთან ლაპარაკს და ღმერთმა დამიფაროს, ამის შემეშინდეს. წლები იმას ვუყურებდი, ქოცები როგორ გაურბოდნენ ჩვენთან დებატებში შემოსვლას და ემალებოდნენ ნამდვილ პრობლემებზე ლაპარაკს, ჩვენს თვალწინ კლავდნენ პოლიტიკური დიალოგის ყველანაირ შესაძლებლობას, მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, რამენაირად გვეთანამშრომლა.
პოლიტიკური ლიდერების ნაწილი ციხეში გყავთ გამოკეტილი, მეორე ნაწილს კი იგივე ემუქრებათ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე პოლიტიკურ საქმეებს ააწარმოებთ სისხლის სამართლის ყველაზე მძიმე დანაშაულებზე და მეორე ნაწილს დაჭერით ემუქრებით ხმის ამოღების გამო, ასობით ადამიანი აწამეთ, დემონსტრანტებზე წყალში გარეული ქიმიური ნივთიერება გამოიყენეთ, ადამიანებს ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ თქვენი დაჯგუფებები და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ათობით ადამიანი ციხეში ჩასვით მხოლოდ იმის გამო, რომ ტყვეებით გევაჭრათ, შარფის ტარებაზე და ტროტუარზე პროტესტისთვის დაიჭირეთ ხალხი და საზოგადოების ის ნაწილი, ვინც გაკრიტიკებთ, სამშობლოს მტრებად, მოღალატეებად გამოაცხადეთ და რომელ დებატებზე მელაპარაკებით?
მოპარული არჩევნებით რომ გველაპარაკებით ხალხის სახელით, ვინ მოგცათ ამის უფლება?
ადამიანები უკიდურეს სიღარიბემდე მიიყვანეთ და ყველაფერს აკეთებთ მათ საკონტროლებლად, ხმის ამოღება ვინც გაბედა, ყველას გაუსწორდით და ასე აპირებთ დებატებს?
მთელი საზოგადოება მძევლად აიყვანეთ და სახეზე იარაღდადებულებს გინდათ რომ გვედებატოთ?
რამდენი წელია, აგენტს და მოღალატეს მეძახით მეც და ჩემს კოლეგებსაც და ახლა კონსტრუქციული საუბარი მოგინდათ? თუ ჩემი ლანძღვა გინდათ, ჯანდაბამდეც გზა გქონიათ, უბრალოდ მაგ ჭაობში შემოყოლა არ მინდა, არ ვაპირებ თქვენ დონემდე დავეცე და თქვენი პროპაგანდისტის სტილში „სტაბილურობის“ სკეტჩში მივიღო მონაწილეობა, რადგანაც ვიცი ღირსეული და უღირსი საქცილის ფასი.
თუ დებატები გინდათ, მორჩით თქვენთვის სასურველ ოპონენტებთან კამათს გამოგონილ მტერთან საბრძოლველ გეგმებზე, ვაჟკაცობა გეყოთ, გამოდით თქვენი ნაჭუჭიდან, გადმოდით ძვირადღირებული სამთავრობო მანქანებიდან და გამოიხედეთ თქვენი ვილებიდან, ადამიანებს ელაპარაკეთ მათ რეალურ პრობლემებზე, უპასუხეთ, რატომ ღარიბდებიან და ამ ქვეყანაში ცხოვრება გაუსაძლისი რატომ ხდება, რატომ გარბიან ქვეყნიდან ახალგაზრდები, რატომ შიმშილობენ ბავშვები, რას უშვრებით განათლებას, რატომაა ქვეყანაში მუშაობა სახიფათო, რატომ წალეკა ქვეყანა კორუფციამ და რატომ გვატყუებდით, რომ ყველაფერი კარგად იყო, როგორ მოხდა, რომ ქვეყნის გარეთ მეგობარი ვერ დავიტოვეთ და არავინ გველაპარაკება, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს გაეცით პასუხები, მათთვის ძვირფასი ადამიანები რატომ გყავთ დატყვევებული, რატომ დაიჭირეთ ადამიანები, რომლებიც საკუთარი შრომითი უფლებებისთვის და ოჯახების კეთილდღეობისთვის იბრძოდნენ, რატომაა ნაწამები ადამიანების და თქვენი მმართველობისგან დაზარალებული ადამიანების საქმეები გაუმოუძიებელი, რატომ მუშაობს თქვენი „კანონები“ მხოლოდ ოპონენტებზე და მეგობრებს კი არ ეხება?
გამოდით და საზოგადოებას ელაპარაკეთ საჯაროდ, მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, ამ ხალხს გაეცით პასუხები და ამის შემდეგ დაგელაპარაკებით მეც.
არ მგონია, რომ თქვენთან ამ ხალხზე წინ ლაპარაკის მორალური უფლება მაქვს.
პს. ამ საკითხზე მეტი განმატრების ან კომენტარის გაკეთება აღარ მინდა, კომენტარში დავდებ ფოტოს, რა პასუხიც მივწერე და უბრალოდ გავაგრძელებ იმ საქმის კეთებას, რაც ამ ქვეყნისთვის სწორი მგონია.