სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებაში“ ადამიანური უკვე აღარაფერი შერჩათ, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებაში“ ჰგონიათ, რომ ადამიანების დაჭერით, ცემით ან დაშინებით შესაძლებელია მათი გაჩუმება ან პროტესტზე უარის თქმა, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს.
„ქართულ ოცნებას“ უნდა ადამიანებში სოლიდარობა მოსპოს. ეს ადამიანები ციხიდან გამოსვლის შემდეგ იმაზე ფიქრობენ, როგორ დაეხმარონ სხვა ადამიანებს ან მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც იმავე დღეში აღმოჩნდნენ. ადამიანობაზე, ჰუმანიზმზე, სოლიდარობაზე დგას ეს პროტესტი, ამას ვერ იგებენ „ქართულ ოცნებაში“ იმიტომ, რომ მათ სამწუხაროდ, ადამიანური უკვე აღარაფერი შერჩათ. „ქართულ ოცნებაში“ ჰგონიათ, რომ ვიღაცას თავში ხელს ჩაარტყამენ და ვიღაცას ამ ადამიანების შეეშინდებათ. ამ ადამიანებს კი არ ეშინიათ, არამედ კიდევ უფრო მეტად პრინციპული ხდება მათთვის ეს ბრძოლა. აი, ეს არის ის, რასაც მე ამ ადამიანების თვალებში ვხედავ და ეს არის ის, რაც მათ ნალაპარაკებში ჩანს“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
მისი შეფასებით, ადამიანები სწორედ უსამართლობის გამო არიან ქუჩაში.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ კორუფცია, ადამიანების წამება დასჯადი არ ყოფილა, მაგრამ გზას თუ გადაკეტავ და პირბადეს ტროტუარზე გაიკეთებ, ეს საშინელი კრიმინალია. აქ ევროკავშირის ელჩი არაფერ შუაში არ არის. რა თქმა უნდა, მას დააბრალებენ, მაგრამ საკუთარ უსინდისობაზე პასუხს არცერთი არ აგებს“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, სამართლებრივი სტანდარტი მოითხოვს იმას, რომ შეკრება-მანიფესტაციის სტანდარტის წესების დარღვევის დროს სისხლის სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული.
ნიკა სიმონიშვილის თქმით, ამის შესახებ საუბარია არა მხოლოდ ეუთო/ოდირის დასკვნაში, ასევე ვენეციის კომისიის შეფასებაში.
„თუნდაც ადმინისტრაციული პატიმრობა ან სისხლის სამართლებრივი დევნა, საერთაშორისო სამართალთან, მათ შორის ჩვენს კონსტიტუციასთანაც არსებითად შეუსაბამოა. ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, კონსტიტუციასთან არის შეუსაბამო. ასეთი კანონები არის რუსეთში, ბელარუსში. ცვლილებებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ კანონმდებლობაში გაატარა, ეს ყველაფერი დაემსგავსა იმას, რომ კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებას ფაქტობრივად, შინაარსი გამოაცალეს და დაამსგავსეს რუსული ტიპის კანონმდებლობას, სადაც შეკრება-მანიფესტაციის ჩასატარებლად ნებართვა და თანხმობა გჭირდება. ამას არც კონსტიტუცია და არც საერთაშორისო სამართალი არ უშვებს. დაუშვებელია ადამიანს იჭერდე შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევის გამო. 20 წუთით გზის გადაკეტვის გამო, არ შეიძლება იჭერდე ადამიანს, მთელ ოჯახს, 71 წლის დევნილ ქალს“,-განაცხადა სიმონიშვილმა.
მან პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებაც შეაფასა, რომელმაც რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „საქმე გვაქვს ფსიქიკურ აშლილობასთან“.
„ამ ხალხმა სჯობს საკუთარ მორალს ჩახედოს და კარგად დაინახოს. ამ ადამიანებს ფულის და ძალაუფლების იქით არაფერი ესმით. იდეა, რომ სამშობლოსთვის შეიძლება იბრძოდე და არასამართლიანი წესების წინააღმდეგ, ასეთი რამ არ ესმით. შეიძლება ეს ნინო წილოსანისთვის სიგიჟეა, მაგრამ ამ ადამიანებისთვის იდეა არის ის, რომ ფულისა და ძალაუფლების გარეშე იბრძოდე. ქალბატონი აზა არის გაგრიდან, შიშველი ხელებით, პირდაპირ დაუდგა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს წინ და ახლაც ამას აკეთებს. ამას ნინო წილოსანი და მისნაირები 100 წელი ვერ გაიგებენ“,-განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
ამასთან, მან „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებზეც ისაუბრა. ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, ცვლილებებით ხელისუფლებას საშუალება ექნება, სამსახურიდან ნებისმიერი ადამიანი საკუთარი სურვილისამებრ ისე გაათავისუფლოს, რომ სასამართლოში დავასაც აზრი აღარ ექნება.
„საკანონმდებლო სივრცე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, დაფუძნებულია არა იმაზე, რომ ხარჯეფექტიანი გახადონ საჯარო სამსახურები. საერთოდ, რა ხარჯთეფექტიანობაზეა საუბარი, მუნიციპალიტეტში თითო სამსახურში 300-30 ლარი რომ აქვს ადამიანს ხელფასი, ვინმეს კი არ ეხალისება 2 და 3 სამსახურში მუშაობა?! იმიტომ მუშაობენ, რომ 300 ლარით როგორც შეიძლება ან თავი შეინახო ან ოჯახი. „ქართულმა ოცნებამ“ ეს მოუსპო ადამიანებს“, – განაცხადა სიმონიშვილმა.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლება საჯარო მოხელეებისთვის ანაზღაურების გაზრდას გეგმავდა, ჯერ გაეზარდა და შემდეგ მიეღო ცვლილებები.
„ეს არის მთელი პრობლემა, რომ პოლიტიზებას აკეთებენ. პოლიტიკურ ლოიალობაზე დამოკიდებულს ხდიან საჯარო სამსახურს. ვინც პოლიტიკურად ლოიალური იქნება, მას მისცემენ შესაძლებლობას, რომ 2 სამსახურში დასაქმდეს, თუ არადა, ამ თანხმობას არ მისცემენ“, – განაცხადა სიმონიშვილმა.




