ნიკა სიმონიშვილი – ლევან იოსელიანის საქმიანობის შეფასება ლოკალური შემთხვევით გამიჭირდება, ანგარიშთან მიმართებით, რაც თქვა, რთულია, არ დაეთანხმო – მისი მოვალეობა არ არის, პოლიტიკური თანამდებობის პირები კრიტიკისგან დაიცვას

თეა წულუკიანი ეკითხება ლევან იოსელიანს, ჩვენი გუნდის წევრები რომ დაასანქცირეს, ამაზე რატომ არ ლაპარაკობ და რატომ ამახვილებ ყურადღებას, დემონსტრანტები რომ სცემესო, მოდი, ახლა კითხვა შევატრიალოთ: რატომ დაგასანქცირეს? პასუხი არ არის კითხვაზე – რატომ არ არის არცერთი პოლიციელი დასჯილი და რატომ მოხდა უფლებამოსილების გადამეტება, ამიტომ! – ამის შესახებ იურისტმა, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
სიმონიშვილის თქმით, სახალხო დამცველის მოვალეობა თანამდებობის პირების პოლიტიკური კრიტიკისგან დაცვა არ არის.
“ზოგადად, ლევან იოსელიანის საქმიანობის შეფასება მხოლოდ ამ ლოკალური შემთხვევით ძალიან გამიჭირდება. საკმაოდ საინტერესო პერიოდი აქვს მას სახალხო დამცველად მუშაობის და ცალკე აღებული მხოლოდ დღევანდელი დღე მისი საქმიანობის შესაფასებლად, ვერ გამოდგება.
ანგარიშთან მიმართებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმას, რაც თქვა, რთულია, არ დაეთანხმო. აქცენტები კეთდება ხოლმე პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებზე და ეს პროტესტსაც შეეხებოდა. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ ამ თვეების განმავლობაში, რომ თუნდაც თუ არის შემთხვევა, რომ რამდენიმე ადამიანი ძალადობრივად გამოხატავს თავის პროტესტს, ეს არ უნდა გავრცელდეს დანარჩენ ათასობით ადამიანზე.
ეკითხება ლევან იოსელიანს, ჩვენი გუნდის წევრები რომ დაასანქცირეს, იმაზე რატომ არ ლაპარაკობ და იმაზე რატომ ამახვილებ ყურადღებას, დემონსტრანტები რომ სცემესო, მოდი ახლა კითხვა შევატრიალოთ – რატომ დაგასანქცირეს? პასუხი რომ არ არის კითხვაზე – რატომ არ არის არცერთი პოლიციელი დასჯილი და რატომ მოხდა უფლებამოსილების გადამეტება, ამიტომ!
სახალხო დამცველის მოვალეობა ის არ არის, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები პოლიტიკური კრიტიკისგან დაიცვას. რა საკანონმდებლო სივრცეც შექმნეს და რა საკანონმდებლო ჩარჩოც შექმნეს, ეს გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევა არის და პოლიტიკოსს თუ მოიხსენიებ მწვავე კრიტიკით, ეს გამოხატვის თავისუფლებაში სრულად ჯდება, შესაბამისად, აქ ეს საკითხი სწორედ ამ კუთხით უნდა დავინახოთ.
ჟურნალისტებს თავს არ დაესხნენ? პროტესტის მონაწილეები არ სცემეს, არ აწამეს? ჩემი თვალით არ ვნახე ეს ხალხი? ამ კითხვებზე პასუხი უნდა ჰქონდეს თეა წულუკიანს, როდესაც ლევან იოსელიანი საუბრობს”, – აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.