ჯარიმების გაზრდას აქვს ერთადერთი მიზანი, ხელისუფლებამ გამოიყენოს სადამსჯელო ღონისძიებები იმისთვის, რომ ნებისმიერ მომენტში მისთვის არასასურველი შეკრება თუ მანიფესტაცია არ ჩაატარებინოს ადამიანებს , – ამის შესახებ იურისტმა, საია-ს ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დღეებში ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით.
იურისტის შეფასებით, “ქართული ოცნებისთვის” მის მიერ გატარებული ქმედებები „პრევენციაა, რეალურად კი რეპრესია“.
“ყველაკანონპროექტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ბოლო დღეებში დააინიცირა, მიმდინარე კვირაში იხილავს და საბოლოოდ, ალბათ, დააგვირგვინებს მიღებას, ემსახურება განსხვავებული აზრის დევნას, რომ რეპრესიული მექანიზმებით შეძლონ რამენაირად პროტესტის ჩახშობა, რომელიც ახლა არა მარტო ქუჩაში, არამედ ნებისმიერ ოჯახში, ნებისმიერ ადამიანშია.
ჯარიმების გაზრდას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ხელისუფლებამ ნებისმიერ, მისთვის სასურველ დროს გამოიყენოს სადამსჯელო ღონისძიებები იმისთვის, რომ ნებისმიერ მომენტში მისთვის არასასურველი შეკრება თუ მანიფესტაცია არ ჩაატარებინოს, აკრძალოს, ან შემდგომ უკვე დემონსტრანტებს აღარ მოუნდეთ და აღარ გაუჩნდეთ სურვილი, რომ შეიკრიბონ, შიშის გამო.
ამ ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებოდით იმას, რომ საგამოძიებო ორგანოები როდესაც იბარებდნენ შესაბამის უწყებებში ან სასამართლოში, ყველა კითხვა მიმართულია იმისკენ, რომ გამოავლინონ ორგანიზატორი და ამ ორგანიზატორს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დააკისრონ. ამ აქციებს ორგანიზატორი, უბრალოდ, არ ჰყავს, ამიტომ ნებისმიერი ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანებს შეეშინდეთ. ეს არის “ქართული ოცნებისთვის” პრევენცია, მაგრამ, რეალურად, ეს არის რეპრესია.
ერთია, რომ მიკრძალავენ რაღაცას და ნებისმიერ გადაცდომაზე ან შეიძლება, არც კი მქონდეს გადაცდომა და ისე დამაჯარიმონ და მეორეა, რომ ამ “ტიტუშკებსა” და პოლიციელებს ჩვენზე ფიზიკური ძალადობისთვის უნთებენ მწვანე შუქს, როდესაც მათ სახე აქვთ დაფარული და მათი იდენტიფიცირება უბრალოდ ვერ ხდება”, – განაცხადა იურისტმა.
სიმონივშვილმა, ასევე, ისაუბრა მანიფესტაციის დროს სხვადასხვა საშუალებების გამოყენების აკრძალვაზეც. მისი თქმით, სადაც ხელისუფლებამ წინააღმდეგობის რაიმე კერა დაინახა, ყველგან შეეცადა ამ კერების ჩაქრობას.
“პიროტექნიკის გაყიდვასა და გამოყენებაზე რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით აქამდეც არაერთხელ იყო საუბარი და პირველი, ვინც ამას ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდა, იყო “ქართული ოცნება,” რადგან მათ ეს პოლიტიკურად არ აწყობდათ, გარკვეულ ბიზნეს ჯგუფებთან მიმართებითაც არ აწყობდათ. დღეს “ქართული ოცნება” იღებს გადაწყვეტილებას და ცალკე პიროტექნიკაზე კი არ არის საუბარი, ეს არის მთლიანი პაკეტი, ანუ სადაც კი რაიმე პრობლემა დაინახეს წინააღმდეგობის, ამ შემთხვევაში, პიროტექნიკა დაინახეს წინააღმდეგობის ერთ-ერთ საგნად, იარაღად.
სადაც კი წინააღმდეგობის რაიმე კერა დაინახეს – ეს იყო საჯარო სამსახურები, ეს იყო დემონსტრანტების მიერ გზის გადაკეტვა, სახის დაფარვა… ლაზერი და ფანარი რა შუაში იყო საერთოდ? სადაც კი ნერვები მოეშალათ, ყველგან შეეცადნენ ამ კერის ჩაქრობას.
აქ მიზანი ის კი არ იყო, რომ პიროტექნიკა არ იყოს გამოყენებული შეკრების დროს, ეს წნეხის გაზრდისთვის არის და არა იმისთვის, რომ ხელისუფლებას ამ პიროტექნიკით დაშავებული ადამიანები ადარდებს. წლების განმავლობაში რამდენი ადამიანი დაშავდა ამ პიროტექნიკის გამოყენების გამო, მათ შორის, არასრულწლოვნები, ხელისუფლებას მაშინ ადარდებდა? ეს არის რეპრესიული მექანიზმების შემოსატანად და არა იმისთვის, რომ ვინმეზე ან რამეზე ზრუნავს”, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.