ნიკა სიმონიშვილი – „გრანტების კანონის“ მთელი სიბოროტე არის ის, რომ ზიხარ დენთის კასრზე და როდის შეგინთებენ ცეცხლს და აგაფეთქებენ ვერ გაიგებ – ყველა თავისუფალი სივრცე უნდათ, ჩაკეტონ

„გრანტების კანონის“ მთელი სიბოროტე არის ის, რომ ზიხარ დენთის კასრზე და როდის შეგინთებენ ცეცხლს და აგაფეთქებენ ვერ გაიგებ. პირდაპირ გეუბნებიან, ჩემს ნებაზე იქნება დამოკიდებული, შენს ოჯახის წევრს შევეხებით თუ არა , – ამის შესახებ იურისტმა, ნიკა სიმონიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
ნიკა სიმონიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, გაზარდოს ეკონომიკურად სახელმწიფოზე დამოკიდებულთა რიცხვი.
„ადამიანს არსებობისთვის სჭირდება ფინანსები. ადამიანის პოლიტიკური დამოუკიდებლობა მისი ფინანსური დამოუკიდებლობიდან იწყება. რაც უფრო მეტად ფინანსურად დამოუკიდებელია ადამიანი ხელისუფლებისგან, მით უფრო მეტად დამოუკიდებელია პოლიტიკურადაც. „ქართული ოცნება“ ადამიანებს აკონტროლებს ეკონომიკური სიდუხჭირით, გაჭირვებით. ყველაზე მეტად აკონტროლებ მათ, ვისაც ეკონომიკურად უჭირს და დამოკიდებული არიან სახელმწიფოზე. „ქართული ოცნება“ ცდილობს, გაზარდოს ეკონომიკურად სახელმწიფოზე დამოკიდებულთა რიცხვი იმ ფულიც შემცირებით, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ არის დამოუკიდებელი. უცხოეთიდან ვერ მიიღებ ფულს, ურჩად ვისაც ჩათვლიან იმ ბიზნესიდან თუ მიიღე ფული, ამას პოლიტიკურ აქტივობად ჩაუთვლიან. თუ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დაწყება გინდა, „ქართული ოცნების“ ცენზურად თუ არ დაემორჩილე, ესეც შეუძლებელია. გვეუბნებიან, რომ მიღებ მხოლოდ იმ ფულს, რომელსაც მე ვაკონტროლებ და ჩემს ცენზურას დაექვემდებარები ან ამ ქვეყნიდან წადი და ამ ქვეყნიდან რომ წახვალ, საარჩევნო უფლებსაც კარგავ. ყველა თავისუფალი სივრცე უნდათ, რომ ჩაკეტონ. „ქართული ოცნება“ რაზეც სამი წლის წინ დედას იფიცებოდა, რომ არ მოხდებოდა, დღეს ამას ყველაფერს აკეთებს. ყველაფერი მოიტყუა „ქართულმა ოცნებამ“, რაზეც თქვა, რომ არ მოხდებოდა“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
ინფორმაციისთვის, პარლამენტმა გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ