აქამდე თუ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმები გამოყენებული იყო აქტივისტების წინააღმდეგ გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად, ახლა ეს სიტყვები უკვე ძალიან მსუბუქ ნათქვამად გვეჩვენება – ეს ცვლილები უკვე არის გამოხატვის ნებისმიერი ფორმის შესაზღუდად, უფრო მეტიც, ასაკრძალად,- ამის შესახებ იურისტმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ცვლილებები შეაფასა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შედის.
სიმონიშვილის განმარტებით, დაგეგმილი ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და იმ ვალდებულებებს, რაც ქვეყანას საერთაშორისო ხელშეკრულებებით აქვს აღებული.
იურისტის განცხადებით, იმის ანალოგიური მუხლი, რა ცვლილებების შემოტანასაც „ქართული ოცნება“ აპირებს, საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის კოდექსში არსებობდა.
„ეს ცვლილებები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა, საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ეწინააღმდეგება. პრინციპში, ამ ვალდებულებით, რაც საერთაშორისო ხელშეკრულებებით გვაქვს აღებული და კონსტიტუციით რა უფლებებიც გვაქვს გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ამ თავისუფლებებს შინაარსს სრულად აცლის. აქამდე თუ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმები გამოყენებული იყო აქტივისტების წინააღმდეგ გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად, ახლა ეს სიტყვები უკვე ძალიან მსუბუქ ნათქვამად გვეჩვენება. ეს ცვლილები უკვე არის გამოხატვის ნებისმიერი ფორმის შესაზღუდად, უფრო მეტიც, ასაკრძალად. ნებისმიერი გამოხატვა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არ მოეწონება და მისთვის მიუღებელი იქნება, უბრალოდ აიკრძალება. აკრძალვა გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციულის შემდგომ უკვე, სისხლის სამართლებრივ სანქციას დაექვემდებარება.
როდესაც „ქართული ოცნება“ გვესაუბრება ზოგადად გარკვეული ქმედებების კანონიერებაზე თუ უკანონობაზე და კანონის უზენაესობაზე, მოდი, იმით დავიწყოთ, რომ კანონის უზენაესობა ამ ქვეყანაში საბჭოთა კავშირის არსებობის დროსაც იყო. იქაც იყო დაწესებული წესები და კანონები. მინდა გაგახსენოთ, რომ საბჭოთა კავშირში მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში იყო იმის ანალოგიური მუხლი, რომელსაც ახლა „ქართული ოცნება“ წერს. ფორმალურად კანონის დარღვევა გამოდის ის, რასაც „ქართული ოცნება“ წერს. არის თუ არა ეს სამართალთან და სამართლის უზენაესობასთან შესაბამისობაში – ჩვენ ამ კითხვას ვსვამთ. პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ დანარჩენი წარმომადგენლები საუბრობენ, რომ კანონი ირღვევა, მაგრამ ეს კანონი არის თუ არა სამართლიანი და კონსტიტუციასთან შესაბამისი, ეს კითხვა ისმის. კანონიერება არ ნიშნავს იმას, რომ ეს წესები სამართლებრივად სწორი და სამართლის უზენაესობასთან შესაბამისია.
„ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ ადამიანებს დავიჭერ იმის გამო, რომ პროტესტზე პირბადე უკეთიათო, დავიჭერ იმის გამო, რომ ქუჩაზე დგანანო, რომელ სამართალთან აქვს ამას საერთოდ შემხებლობა?“- განაცხადა სიმონიშვილმა.
სიმონიშვილი გამოეხმაურა, „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის განცხადებასაც, სადაც მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონპროექტები „4 ოქტომბრის სპეცოპერაციისა და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგია“, რითაც მათ ხელისუფლებას უფრო მკაცრი რეგულაციების შემუშავების საბაბი მისცეს. აღნიშნული განცხადების შეფასებისას სიმონიშვილმა აღნიშნა, რომ „ამ ადამიანის განცხადება „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ განცხადებებზე უფრო მავნებლური და არასერიოზულია“.
„ეს არ არის პირველი ცვლილება. „ქართულმა ოცნებამ“ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას შინაარსი აქამდე გაკეთებული ცვლილებებითაც გამოაცალა. 5 000-ლარიანი ჯარიმები რომ დააწესა, ადმინისტრაციული პატიმრობები რომ დაწესდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებასთან მიმართებით, მაშინ 4 ოქტომბერი იყო? 4 ოქტომბრამდე ეს „ქართულ ოცნებას“ არ გაუკეთებია? ათასობით ადამიანს სრულად უსამართლოდ არ ჩამოურიგეს 5 ათას ლარიანი ჯარიმები თუ არ შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობები? თუ სისხლის სამართლის წესით, მტკიცებულებების არარსებობის გარეშე არ დაიჭირეს ათასობით პოლიტიკური პატიმარი? ესეც 4 ოქტომბრის გამო მოხდა? ასეთი განცხადებებით უპირისპირდებიან არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საზოგადოებას, რომელიც პროტესტშია. აღარ მინდა შევეხო ამ პარტიაში გაკეთებულ სხვა განცხადებებს, რომელიც პირდაპირ უპირისპირდებოდა ამ პროტესტს. ვფიქრობ, რომ მათ ტონის ცოტა შერბილება მოუწევთ, იმიტომ, რომ საზოგადოებისგან მიიღებენ დამსახურებულ გულისწყრომას“, – განაცხადა სიმონიშვილმა.
სიმონიშვილმა, ასევე, ისაუბრა „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ სხვა საკანონმდებლო პაკეტებზეც. მათ შორის, ისაუბრა დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის ამოქმედების შედეგად კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ. სიმონიშვილის შეფასებით, „ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, პარტიების საქმიანობის აკრძალვას სცდება და ეს არის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა“.
„პირებს უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას, რასაც არავითარი დემოკრატიული განზომილება აღარ გააჩნია. „ქართული ოცნება“ იმაზე ვეღარ ისაუბრებს, თითქოს, რომელიღაცა ქვეყნის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას ეხმიანება. ეს ცალსახად, რუსული კანონმდებლობის ანალოგია. რაც შეეხება ვერსიას, რომ კონკრეტული პარტიების აკრძალვის შემდეგ „ქართული ოცნება“ ფსევდო ოპოზიციურ პარტიებს შექმნის, ფსევდო ოპოზიციურ პარტიებს შექმნის თუ უკვე არსებულს გამოიყენებს ფსევდო ოპოზიციად, ეს არ ვიცი, ორივე ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ. აქ მთელი მომენტი ისაა, რომ „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ პოლიტიკურ საქმიანობას განახორციელებს ის, ვინც ჩემს ჩარჩოებში მოექცევა; პოლიტიკურ ოპოზიციაში იქნება ის, ვისაც მე მოვისურვებ; პოლიტიკურ საქმიანობას განახორციელებს ის, ვინც ჩემთვის იქნება მისაღები; ჩემთვის მიუღებელი პერსონები, უბრალოდ პოლიტიკის მიღმა დარჩებიან. თუ ქუჩაში გახვალ, დაგიჭერენ, თუ პოლიტიკაში შესვლა გენდომება, არ შეგიშვებენ“,- აღნიშნა სიმონიშვილმა.
რაც შეეხება საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს, ზიანის სრულად ანაზღაურებამდე, ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ, სიმონიშვილის მოსაზრებით, აღნიშნული ცვლილებით „ადამიანს სიკვდილისთვის სწირავ“.
„ეს არის მეტად დამძიმება სრულად არაადამიანური კანონის. ამ ქვეყანაში ასეთი ანალოგი უბრალოდ არ მოგვეპოვებოდა. ეს კანონი ადამიანს ქვეყნის დატოვების უფლებას ართმევს. ერთიანობაში დავინახოთ ეს ყველაფერი. „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახის წევრსაც კი აუკრძალა ამ ადამიანების დახმარების უფლება. მათაც კი დაიჭერენ, თუ ამ ადამიანს არათუ ფინანსურად დაეხმარებიან, არამედ საკუთარ სახლში თუ აცხოვრებენ. 500 ლარზე მეტით ადამიანს ვერ დაეხმარები. ამაზე მეტი ანტიჰუმანური რა შეიძლება მიიღო? ქვეყნიდან ვერ გადიხარ, არსებობის საშუალებაც გართმევენ, ვერც პროდუქტით, ვერც საცხოვრებლით ვერავინ დაგეხმარება. ადამიანს სიკვდილისთვის სწირავ. არ ვიცი, როგორ შეიძლება, რომ რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში ასეთი რაღაც იყოს, რუსეთშიც კი არ მეგულება ასეთი კანონი“,- განაცხადა სიმონიშვილმა.
