ნიკა სიმონიშვილის თქმით, შსს გზის გადაკეტვაზე ვიდეოჯარიმების შაბლონებს იყენებს

იურისტი ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზის გადაკეტვაზე ჯარიმების ვებ-გვერდზე გამოქვეყნება ისე დაიწყო, რომ ფოსტით ჩაბარება არც კი უცდიათ, რაც მისი თქმით, ფორმალურად კანონის დარღვევაა.
ის წერს, რომ ბევრმა ადამიანმა მიიღო პოლიციისგან მესიჯი, რომლის თანახმადაც, ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებაზეა მოსული, თუმცა, რეალურად ვიდეოჯარიმების შაბლონებს იყენებს და ჯარიმა მანქანის გამო არაა.
“შსს-მ გზის გადაკეტვაზე ჯარიმების ვებგვერდზე გამოქვეყნება დაიწყო. დღეს ბევრმა ადამიანმა მიიღო ამის შესახებ მესიჯი და მოკლე სამართლებრივ გზამკვლევს დაგიწერთ, რა უნდა გააკეთოთ.
შსს-ს მესიჯში წერია, რომ სატრანსპორტო საშუალებაზეა მოსული ჯარიმა, თუმცა ვიდეოჯარიმების შეტყობინების შაბლონებს იყენებს შსს და ჯარიმა რეალურად მანქანის გამო არაა მოსული. შეიძლება სასაცილოდ ჩანდეს, მაგრამ ამაზე ნუ გავაკეთებთ მთელ აქცენტს.
აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ გამოქვეყნება ისე დაიწყეს, ფოსტით ჩაბარება არც კი უცდიათ, რაც ფორმალურად კანონის დარღვევაა. თუმცა გასაგებია, ეს რატომაც გააკეთეს, ამდენი ჯარიმის ჩაბარებას ვერ აუდიოდნენ და გაიმარტივეს საქმე.
მიუხედავად ამისა, ეს ჯარიმა უნდა გაასაჩივროთ აუცილებლად. რა ვადაში და როგორ?
გამოქვეყნების დღე არის დღეს და დღეიდან 30 დღის ვადაში ჩაგეთვლებათ საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად. შესაბამისად, ამ 30 დღის გასვლიდან 10 დღე არის ბოლო ვადა, როცა შესაძლებელი არის გასაჩივრება, თუმცა შეგიძლიათ ხვალვე შეიტანოთ საჩივარი.