ქართული ოპოზიციური სპექტრი მოიცვა ისტერიამ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
ობოლაძის შეფასებით, ხალხში პესიმიზმის დათესვა პოლიტიკის კეთება არ არის.
როგორც მან განმარტა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხალხის გასაჭირსა და საჭიროებებზე არ საუბრობენ.
“ქართული ოპოზიციური სპექტრი მოიცვა ისტერიამ, ჩვენ ვართ მუდმივად ისტერიულები. ჩემს თავსაც ვგულისხმობ, მაგრამ შემიძლია ვიყო თავისუფალი და ვილაპარაკო – ჩვენ ვართ მუდმივად ისტერიულები და, საბოლოო ჯამში, ამ ისტერიით ვეუბნებით ხალხს, ხალხო, ნახეთ, რა ცუდია “ქართული ოცნება” და ახლა დროზე ადექით, გამოდით, შეცვალეთ ესენი და მოგვიყვანეთ ჩვენ. ჩემი აზრით, ეს ასე არ მუშაობს. ჩემი აზრით, მუდმივად პესიმიზმის დათესვა, მუდმივად სახის ვერ გასწორება და ტირილი, რომ აი, ნახეთ, გვკლავენ, გვჩაგრავენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, მუდმივად იმაზე საუბარი, რომ ესენი რუსები არიან, არ არის პოლიტიკის კეთება.
ჩვენ თვალები გვაქვს მუდმივად ქვეყნის გარეთ მიმართული. ჯერ იყო და, სამი წელი კოვიდს ვუყურებდით, მხოლოდ კოვიდზე ვლაპარაკობდით და ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე არ ვიყავით მომართულები. ამ სამი წლის შემდეგ, მიმართულები ვართ უკრაინისკენ. ვუყურებთ უკრაინას, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და ღმერთმა ქნას, რომ გაიმარჯვოს, ესენი რუსები არიან და ვუყურებთ დიდ საგარეო ფაქტორებს და მიუხედავად იმისა, რომ არის კრიტიკული მედია, ეთერების ნაკლებობა არ არის, მე ვერ ვხედავ, რომ პოლიტიკოსები მართლა საუბრობდნენ ხალხის პრობლემებზე და ცდილობდნენ, რომ მათი სიტყვები მიმართული იყოს ხალხისადმი და ცდილობდნენ თავიანთი ნდობის გაზრდას”, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.




