ნიკა ნარსიას 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

აქტივისტ ნიკა ნარსიას 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.
ნარსიას ინტერესებს დღევანდელ სხდომაზე იურისტი გიორგი ტაბატაძე იცავდა. ის ამბობს, რომ სხდომაზე ჯამში 19 სავარაუდო სამართალდარღვევის საქმე განიხილეს – 19-ვე გზის უკანონო გადაკეტვას შეეხებოდა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა განმეორებით იწვევს სამართალდამრღვევის 5000-დან 10 000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე ვადით. ნარსიას შემთხვევაში, მოსამართლემ 19 საქმის ჯამში 15-დღიანი პატიმრობა განსაზღვრა.
დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა თავად ნიკა ნარსია. ის ქვეყანაში არ იმყოფება. სასამართლოში მიწვეული იყო საზოგადოებრივი ადვოკატი. ნარსიას მხარდამჭერები ვარაუდობენ, რომ სასამართლომ ამით თავიდან აიცილა პროცესის გადადების რისკი – თუ სასამართლოში არც ნარსია და არც მისი ინტერესების დამცველი არ გამოცხადდებოდა, სხდომის გადადება მოუწევდათ. საზოგადოებრივი ადვოკატის ჩართვით კი სხდომა უპრობლემოდ ჩატარდებოდა.
გიორგი ტაბატაძის თქმით, რადგან სხდომაზე ის წარმოადგენდა ნარსიას ინტერესებს, მიწვეულმა საზოგადოებრივმა ადვოკატმა თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა. თუმცა, მოსამართლე ცაგარეიშვილმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სხდომას ორივე ადვოკატი დაესწრო.
“მთელი წელი რუსთაველზე ვდგავარ. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ ერთი კვირა მაინც დაგვესვენა, თან ქორწინების 2 წლის თავია და ასე მომილოცა ბიძინა ივანიშვილმა ეს დღე. არავის არ ეშინია მისი. მე ჩამოვალ აუცილებლად საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია ჩემი პოლიტიკური ქეისით ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ვიცხოვრო ძალიან კარგად, არ ვაპირებ ამას [ქვეყნიდან წასვლას]. ჩემ ქართველ ხალხთან ერთად უნდა ვიბრძოლო და დავუბრუნო ჩემი ქვეყანა”, – თქვა ნარსიამ TV პირველთან საუბრისას პატიმრობის შეფარდების შემდეგ.
ამავე თემაზე:
· კონსტანტინე მიქაიას გზის რამდენჯერმე გადაკეტვის საფუძვლით სასამართლომ10-დღიანი პატიმრობა განუსაზღვრა

ასევე დაგაინტერესებთ