პროტესტში ყველამ ნახა თავისი თავი და მნიშვნელობა და ცდილობენ, რომ საქართველოს უკეთეს მომავალში თავისი წვლილი ჩადონ, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მელიას თქმით, დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული საზოგადოება ყველა მიმართულებით ფორმირდება და პროცესი პროტესტზე მეტია.
„უწყვეტმა აქციებმა ბევრი რამ მოიტანა, სიახლე ყველა მიმართულებით და, ძირითადად, ფორმირდება დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული ქართული საზოგადოება და სახელმწიფო. ეს მოიტანა, განსაკუთრებით, ბოლო თვე ნახევარმა და შენდება თანამედროვე ქართული სახელმწიფო ყველას მიერ და შენდება სამარადჟამოდ.
რა თქმა უნდა, მომავალში ამ მონაპოვარს დასჭირდება მოფრთხილება, თუმცა ის, რომ ცალკე აღებული რამდენიმე ჯგუფი არ არის ამ პროცესში ჩართული, არამედ ჩართულობა საყოველთაოა. ყველამ ნახა თავისი თავი და მნიშვნელობა და ცდილობენ, რომ საქართველოს უკეთეს მომავალში თავისი წვლილი ჩადონ და ამისათვის ყოველ დღე გამოდიან – ეს მოიტანა ამ პროტესტმა, რომელიც პროტესტზე მეტია. შობის ღამესაც აქ ხვდებიან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.