ნიკა მელია მოსამართლეს – ფორმალურად, ღამის 12 საათამდე იყო გირაოს გადახდის ვადა, 9 საათზე გაიტაცეს ადამიანი, რომელიც ახლა გელაპარაკებათ და კითხვა არ გიჩნდებათ, რა მოხდა – კითხვა უნდა დამისვათ, რატომ არ ვიხდი იმ უსამართლო გირაოს

ფორმალურად, გუშინ, ღამის 12 საათამდე იყო [გირაოს] გადახდის ვადა. 9 საათზე გაიტაცეს ის ადამიანი, რომელიც ახლა თქვენ გელაპარაკებათ და კითხვა არ გიჩნდებათ, რა მოხდა. კითხვა უნდა დამისვათ რატომ არ ვიხდი იმ უსამართლო გირაოს – ის გაინტერესებთ, რაზეც პასუხი გაქვთ და ის არ გაინტერესებთ, აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა,- ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს.
როგორც მელიამ აღნიშნა, იმ ორივე მანქანაში, რომლებითაც თავად გუშინ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, დამონტაჟებული იყო 4 ვიდეოჩამწერი, რომლებიც ახლა „გატაცებული და დაზიანებულია“.
„დაახლოებით, საღამოს 9 საათზე, ორი მანქანით გადავადგილდებოდით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. 9 საათზე იყო სოციალურ პლატფორმაზე გადაცემა სახელწოდებით „ორ ცეცხლ შუა“. ამ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მივდიოდი. სულ რაღაც 2 კილომეტრი იყო დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც მოხდა ჩემი გატაცება და არანაირი დაკავება. მოულოდნელად ე.წ. საპატრულო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გააჩერა. პატრულის ფორმაში გამოწყობილმა ძალიან ნერვულ მდგომარეობაში მყოფმა პირმა მძღოლს მართვის მოწმობა სთხოვა. მისი გამომეტყველებითაც ცხადი იყო, რომ ყველაფერი აინტერესებდა გარდა მართვის მოწმობისა. ამ პროცესში, როდესაც ჯერ კიდევ მართვის მოწმობა მძღოლს გადაცემულიც კი არ ჰქონდა, მის ე.წ. რაციაში კითხვა გაისმა, რაც გავიგეთ მეც და მძღოლმაც. ვიღაცამ, ეტყობა მისმა ხელმძღვანელმა ჰკითხა „ობიექტი“ თუ იჯდა მანქანაში. გასაგები იყო უკვე რა ხდებოდა.
გადავთვალე, მძღოლის ჩათვლით, 11 ადამიანი იყო სამარშრუტო ფურგონში, ვინც გამიტაცა, სადაც ძალის გამოყენებით მომათავსეს, რბილად რომ ვთქვა. არანაირი ნიშან-წყალი, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები ან ქმედებაში, ან გამომეტყველებაში, ან საუბრის მანერაში არ იყო. გატაცება მოხდა ძალიან აგრესიული ძალის გამოყენებით, მანქანაში ჩატენა. ამის შემდეგ ძალის გამოყენებით მოხდა მობილური ტელეფონის წართმევა. მერე, [იყო] ერთ-ერთის დაუოკებელი სურვილი, რომ რაღაცნაირად იქნებ, გაეხსნა კოდი ჩემს ტელეფონზე. რამდენჯერმე მცდელობა ჰქონდა, რომ სახეზე მოეშვირა ჩემი საკუთარი მობილური ტელეფონი და როგორც ჩანს, ბნელ სამარშრუტო ფურგონში ეს ვერ მოხერხდა. მინდა იცოდეთ, რომ ეს იყო რაღაცნაირი სამარშრუტო ფურგონი, რომელიც საგანგებოდ იყო ფარდებით შემკობილი. არაფერი არ ჩანდა შიგნიდან გარეთ.
არავინ არ ვიცით რატომ მოხდა ეს. ალბათ, თქვენ იცით, მურუსიძემ და კიდევ ვინც დაგეგმა. თქვენ იმიტომ ვამბობ, რომ გუშინ თავი მოიკალით და დღეს ჩანიშნეთ სხდომა. ადვოკატის თხოვნაზე, რომ იქნებ ორშაბათს ჩანიშნულიყო სხდომა, ვინაიდან სხვა სასამართლო პროცესები ჰქონდა და პლუს, რამდენიმე ლექცია, თავი მოიკალით და დღეს ჩანიშნეთ სასამართლო სხდომა. ფორმალურად, კი ბატონო, გუშინ ღამის 12 საათამდე იყო გადახდის ვადა. 9 საათზე გაიტაცეს ის ადამიანი, რომელიც ახლა თქვენ გელაპარაკებათ და კითხვა არ გიჩნდებათ, რა მოხდა. უნდა დამისვათ ახლა კითხვა რატომ, რისთვის არ ვიხდი მე იმ უსამართლო გირაოს. ის გაინტერესებთ, რაზეც პასუხი გაქვთ და ის არ გაინტერესებთ, აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა.
ორივე ავტომობილში, ერთში, რომელშიც მე ვიყავი და მეორე თანმხლებ ავტომობილში იყო 2-2 ვიდეო ჩამწერი დამონტაჟებული. საბოლოოდ, 4 ვიდეო ჩამწერი. 4-ივე არის გატაცებული, დაზიანებული, გატეხილი. იმიტომ, რომ არ გენახათ თქვენ. ისიც არ იმოქმედებდა თქვენზე დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც. რა ვიცი, ვიღაცაზე ხომ იმოქმედებდა, თქვენს თანაშემწეზე შეიძლება, გვერდით რომ გიზით. ეს არის რეალობა, რაც მოხდა. თქვენ ახლა უნდა იმსჯელოთ, უნდა დაადგინოთ, ვინ არის მტყუან-მართალი? იმაში, რაც ახლა ვთქვი, ეჭვი გეპარებათ? თქვენ რა სიმართლე უნდა დაადგინოთ. ნუ გწყინთ, რომ ვერც მოსამართლეს გიწოდებთ თქვენ და ვერც ბატონოს დაგიძახებთ.
ამ ე.წ. მარშუტკაში მოთავსების შემდეგ, მობილური ტელეფონი არ გამოურთია იქ მყოფ რამდენიმე ადამიანს. სხვადასხვა პირი კი, სხვადასხვა მოკლე ვიდეოს იღებდა და სიამაყით უგზავნიდნენ თავიანთ ხელმძღვანელებს“,- განაცხადა ნიკა მელიამ.