დღეს განვითარებული მოვლენები ცხადად აჩვენებს – ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და არ იღებს ფულს – რეჟიმისგან!, – წერს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, რითაც ეხმაურება ცესკო-ს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს, დაფინანსების მიღებაზე უარი მხოლოდ პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ განაცხადა.
მელიას თქმით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ არის პასუხისმგებლობის მქონე ძალა, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით.
„ვცდილობთ არ დავაზარალოთ ოპოზიციური პოლიტიკური ველი, რადგან ამ ქვეყნის მომავალი კოალიციური მართვაა – ზუსტად ასეთი არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს.
დღეს განვითარებული პროცესები, ცხადად წარმოაჩენს რეალობას – „კოალიცია ცვლილებისთვის“ არის პასუხისმგებლობის მქონე ძალა, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. პასუხისმგებლობა, პირადი და გუნდური აქვს მის თითოეულ წევრს, რასაც ადასტურებს ზუგდიდის საკრებულოს წევრების განცხადება და ადასტურებს კოალიციის გადაწყვეტილება დაფინანსებასთან დაკავშირებით.
მთელი დღის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის წევრების“ მორალური პედისტალიდან გაკეთებულ განცხადებებსა და მოწოდებებს, რომ თურმე ზუგდიდის ფრაქცია “ახალი” „ოცნებასთან“ თანამშრომლობს, დღის ბოლოს ფაქტებმა გასცა პასუხი, ყველა კითხვასა თუ ბრალდებას.
ჯერ აღმოჩნდა რომ ჩხოროწყუში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, იგივე რუტინული საბიუჯეტო პროცესი გაიარეს, ხოლო დღის ბოლოს გაირკვა – პარტიას მიუღია დაფინანსება, „ოცნებისგან“,- წერს ნიკა მელია „ფეისბუქზე“.
ამასთან, მელია ეხმაურება ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ახალის“ წევრები 2025 წლის ბიუჯეტის მხარდაჭერის ფაქტს და აღნიშნავს, რომ პარტიამ საკითხში გარკვევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი წევრების გარიცხვის თაობაზე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში უარი არ თქვა დაფინანსების მიღებაზე.
„ჩხორუწყუში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, საკითხში გარკვევის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება საკუთარი წევრების გარიცხვის თაობაზე. ეს იმ დროს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში უარი არ თქვა რეჟიმისგან დაფინანსების მიღებაზე! დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ჩვენმა კოალიციამ თქვა.
დღეს განვითარებული მოვლენები ცხადად აჩვენებს – ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და არ იღებს ფულს – რეჟიმისგან!“, – წერს მელია „ფეისბუქზე“.
საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს. ცესკოს განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; „გახარია საქართველოსთვის“; „ლელო საქართველოსთვის“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. ცეკო-ს ინფორმაციით, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.
ცესკოს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთანებებს 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ.