ბოლო წუთამდე ნიკა მელიას ვგულშემატკივრობდი და ბოლოს, მე და ნიკასაც კონფლიქტი რატომ მოგვივიდა – იყო ნიკა მელიას სიტყვები, რომ ის ამ პარტიაში დარჩენას არ აპირებდა და ამ პარტიისგან ფერფლს დატოვებდა – ეს განცხადება ენმ-ის დეპუტატმა ანი წითლიძემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” ჩართვისას გააკეთა, სადაც ის პარტიაში არსებულ მწვავე დაპირისპირებასა და პარტიის წევრების წასვლაზე საუბრობდა.
წითლიძე ამბობს, რომ ბოლო 11 წლის განმავლობაში მასაც არაერთი კონფლიქტი ჰქონია ხელმძღვანელებთან, თუმცა პარტიის დატოვება არ უფიქრია:
“ბევრ რაღაცას არ ვლაპარაკობ, მაგრამ ბევრი რაღაცა, მათ შორის, საჯარო ქსელებში არის ღია და ყველას შეუძლია ნახოს… იცით რამდენი რაღაც არ მომწონებია ამ 11 წლის განმავლობაში ამ პარტიაში? რამდენჯერ მიჩხუბია პარტიაში ყველა თავმჯდომარესთან იცით? მე და ნიკა მელია, მე და გრიგოლ ვაშაძე, მე და დათო ბაქრაძე როგორ ვჩხუბობდით იცით? ხან პარტიის თავმჯდომარე არ მომწონდა, ხან პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ მომწონდა, უდიდესი დაპირისპირება გვქონდა მე და გიგა ბოკერიას, როდესაც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო და არასოდეს არ მიფიქრია რომ პარტია უნდა დამეტოვებინა იმის გამო, რომ ვიღაცასთან რაღაცაში ვერ ვთანხმდებოდი შიგნით და გაუგებრობა მქონდა. რაც ამ ადამიანებს სჭირთ, სამწუხაროდ, ეს არის ის, რომ საკუთარ პიროვნულ ურთიერთობებს, პიროვნულ წყენებს გადააყოლეს ამ პარტიის ერთიანობა” თქვა წითლიძემ.
იხილეთ ასევე:
· “ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის უფრო მეტი ავტორიტეტი აღმოჩნდა ნიკა მელია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი” | წითლიძე პარტიიდან წასულებზე