არის ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი ან სხვა რისკები, რაზეც ვაპელირებდით სხდომაზე. იმ პირობებში, როდესაც არსებობს ეს რისკები, ვერ დაველოდებით იმას, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიძლება შეიცვალოს და ამ დროს მოხდეს როგორც ახალი დანაშაულის ჩადენა, ასევე მიმალვა, – ამის შესახებ ნიკა მელიას საქმის პროკურორმა მედეა ცირამუამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
„როგორც მოგეხსენებათ, საპროცესო კანონმდებლობით აბსოლუტურად დასაშვებია და სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა ის, რომ პირის მიმართ, რომლის მიმართაც გამოყენებულია უკვე აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, მეორედაც იქნას გამოყენებული პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. ამის საფუძველი, როგორც ბრალდების მხარის პოზიციაში მოისმინეთ, ასევე, სასამართლოს განმარტებაში იყო ის, რომ მეორე სისხლის სამართლის საქმე არის უკვე არსებითი განხილვის ეტაპზე, შესაბამისად, იმ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბუნებრივია, როდესაც ხდება პატიმრობის სავალდებულო წესით გადასინჯვა, შესაძლოა, ბრალდებულის მიმართ არსებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალოს ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიებით, ასევე, გარდა უშუალოდ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძვლების შესაძლო არსებობისა, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე უკვე არის არსებითი განხილვის ეტაპზე, შესაბამისად, შესაძლოა, გამოყენებული იქნას არასაპატიმრო სასჯელი.
ამ პირობებში სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა, მომეტებული დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების რისკიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.
ამ შემთხვევაში, არის ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი ან სხვა რისკები, რაზეც ვაპელირებდით სხდომაზე. იმ პირობებში, როდესაც არსებობს ეს რისკები, ვერ დაველოდებით იმას, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიძლება შეიცვალოს და ამ დროს მოხდეს როგორც ახალი დანაშაულის ჩადენა, ასევე მიმალვა და ამ საფრთხეების გამორიცხვის არარსებობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ამ მოცემულობით, დღეის მდგომარეობით, ნამდვილად არსებობდა პატიმრობის გამოყენების საფუძველი, რაც გაიზიარა კიდეც სასამართლომ”, – განაცხადა პროკურორმა.
