“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიას პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა. პროკურატურა მელიას სასამართლოს უპატივცემულობას, კერძოდ, მოსამართლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება.
პროკურატურის თანახმად, “2025 წლის 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ადმინისტრაციულ სასამართლო სხდომაზე, ნიკანორ მელიამ სასამართლოს უპატივცემულობა ჩაიდინა, რაც მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოიხატა.
ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია პრიკურატირის განცხადებაში.
როგორც ბრალის წარდგენის შემდეგ რუსთავის მე-12 პენიტენიური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებებს “სერიოზულად არ აღიქვამს”.
საქმე ეხება გასული წლის მაისში მომხდარს, საიდანაც 5 თვის თავზე აღიძრა საქმე.
ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ “საქმე ეხება ლისის ტბის ტერიტორიაზე ნიკა მელიას დაკავების ადმინისტრაციული საქმის განმხილველ მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანს. ეს არის ის საქმე, როდესაც ნიკა მოიტაცეს, თუმცა პირიქით, აქეთ დააჯარიმეს. აბსურდული ვერსია რომ შემოგვთავაზეს, თითქოს პოლიციელებს ვერაზე შეურაცხყოფა მიაყენა და მერე ლისის ტბაზე დაიჭირეს. რეალურად იყო მოტაცება”.
ადვოკატის თქმით, საქმეში, რომელიც ცოტა ხნის წინ გადაეცა, დევს სასამართლოს სხდომის მდივნის, მანდატურებისა და რამდენიმე დამსწრე პირის ჩვენება, თვითონ მოსამართლე გამოკითხული არ არის.
“სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი უგზავნის პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის აღნიშნულ საქმეს, ამის შემდგომ გადის დაახლოებით ოთხთვე-ნახევარი და დღეს იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ნიკას მორიგი ბრალდება წარუდგინონ”, – ამბობს გიორგი კონდახიშვილი.
ბრალის წარდგენამდე ადვოკატი აცხადებდა, რომ იმ პროცესს, რომელზეც მოსამართე ქოჩქიანისთვის შეურაცხოფას ედავებიან ნიკა მელიას, თავადაც ესწრებოდა, “რაიმე ინციდენტი არავის შეუმჩნევია”, “არც თვითონ მოსამართლეს გაუკეთებია არანაირი კომენტარი შეურაცხყოფის თაობაზე. შენიშვნაც კი არ მიუცია ნიკასთვის”.
გიორგი კონდახიშვილისა და ნიკა მელიას მამის, ანზორ მელიას განცხადებით, ახალი ბრალი ემსახურება ნიკა მელიაზე მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენას.
გასული წლის 29 მაისს ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
2025 წლის 30 მაისს მას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის „შეურაცხყოფის“ გამო – მისთვის წყლის შესხმისთვის – დამატებით ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
მას კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას შეეხება, 8-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
მელიას ბრალი აქვს წაყენებული ე.წ. საბოტაჟის საქმეზეც.




