შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნიკა მელია ადმინიტრაციული სამართალდარღვევათა კოექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.
შსს ნიკა მელიას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას ედავება.
“ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ნიკა მელიას ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის ვადა დღეს, 00:00-მდე ჰქონდა.
პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება 28 აპრილს წარუდგინა. ის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე 11 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ მივიდა.
