ნიკა კაციას საქმეზე სასამართლომ მისი დედა და ძმა გამოჰკითხა

“გამარჯობა, ყველა მიყვარხართ!” – ამ სიტყვებით შევიდა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მე-12 დარბაზში 11 ივლისს, 15:22 საათზე.
ამ დღეს მისი სასამართლო სამ საათზე იყო დანიშნული და მისი მხარდამჭერები დარბაზის კარის გახსნამდე თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ითვლიდნენ პატარა დარბაზში არსებულ 7 ხის სკამზე, რომელზეც ჩვეულებრივ 4 ადამიანი ეტევა, მათგან რამდენი შეძლებდა დაჯდომას. დარბაზის კარის გახსნის შემდეგ მანდატურებმა სხდომაზე დაწყების მსურველებს ნება დართეს, რომ მჭიდროდ დამსხდარიყვნენ, ერთ სკამზე 5, რამაც საბოლოოდ დარბაზში გათვალისწინებულზე 7-ით მეტ ადამიანს მისცა შესვლის შესაძლებლობა.
“პირველ რიგში სოლიდარობა საბა ჯიქიას. ვერასდროს რეჟიმი სინათლეს ვერ დააბნელებს.
წლები გავიდა ჩემი მეგობრის, კოლეგის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან, რომელიც მოკლა რეჟიმმა.
ნებისმიერი ფორმით გადაეცით სამძიმარი ონისე ცხადაძეს. ძალიან დამთრგუნა მამამისის გარდაცვალებამ” – თქვა დარბაზში შემოსვლისას ნიკა კაციამ და შემდეგ პირდაპირ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს მიმართა:
– თქვენ მინდა გკითხოთ, მშვიდად გეძინათ იმ უსამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, რაც გუშინ მიიღეთ?
– დაასრულეთ? მაშ დავიწყოთ სხდომა! – უთხრა მას მოსამართლემ. თამარ მჭედლიშვილმა, რომელიც პოლიტპატიმრად მიჩნეული არაერთი ადამიანის საქმეს განიხილავს, წინა დღეს, 10 ივლისს 4 წლითა და 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის სტუდენტ საბა ჯიქიას.
სხდომის გახსნის შემდეგ სასამართლომ მტკიცებულებები გამოიკვლია – მათ შორის იყო 14 გრამი კოკაინი, რომლის ფლობასაც ედავება მას გამოძიება. ნიკა კაცია ამბობს, რომ ეს ნარკოტიკი, რომელიც მას პოლიციამ ჩაუდო, ჩაუდო არა დაკავების დღეს ჯიბეში, არამედ საქმეში.
– ასეთი საქმიანები რომ ყოფილიყავით, როცა აყალბებდნენ [მტკიცებულებას], კარგი იქნებოდა – უთხრა კაციამ სასამართლოს მაშინ, როცა მოსამართლე, პროკურორი და ადვოკატი დალუქულ პაკეტებს ხსნიდნენ და მტკიცებულებებს იკვლევდნენ.
– იქ არ იყავით, თუ აყალბებდნენ? – კითხვითვე გამოეპასუხა მას მოსამართლე.
– იქ რომ ვიყავი, თავზე მეჯდა 30 კაცი – უპასუხა ბრალდებულმა. რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ მისი კიდევ ერთი რეპლიკა:
გამომძიებლის თითიც უნდა იყოს მანდ [ მტკიცებულებებს შორის], 7 თვეა მაგას ვყვირი, რომ გამომძიებლის თითი იდო ჩემს პირში და ეგრე ამიღეს ნიმუში].
მოსამართლე კაციას მტკიცებულებების კვლავ დალუქვისას ხელმოწერის გაკეთება შესთავაზა:
– მაგან დამღუპა და კიდევ მაგაზე უნდა მომაწერინოთ ხელი? – იკითხა მან და საბოლოოდ არც ერთ გამოკვლეულ მტკიცებულებას ხელი არ მოაწერა და მოსამართლეს შეახსენა რომ მას არ ენდობა და არც ფარსში მონაწილეობაში ხედავს აზრს.
ერთ-ერთ პაკეტზე კაციას ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება სთხოვა ადვოკატმა – მან განმარტა, რომ სამი პაკეტიდან მხოლოდ ერთზეა მისი ხელმოწერა, ის კი, რასაც აჩვენებენ, მართალია ჰყავს მის ხელმოწერას, მაგრამ ეჭვი ეპარება, რომ მისი ხელმოწერა იყოს.
– აქ მაინც თუ მაჩვენებთ, რაც ჩამიდეთ, ვიზუალურად მაინც მეცოდინება შემდეგისთვის. აქ რომ დააწეროთ, პაბლო ესკობარი – თქვა მან და ხელით მოხაზა სივრცე ბრალდებულისთვის განკუთვნილ ჯიხურზე მის ქვემოთ ხის პარაპეტზე.
– ნიკუშ, “ხარებას” [ გდდ-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი – რ.თ.] შენ ამარაგებდი? – კითხეს მას დარბაზიდან
– მე ვმფარველობდი მაგას! – გამოსძახა ბრალდებულმა.
– სულ გასული იყო ეგ კაცი, – კვლავ გაისმა დარბაზიდან.
მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ ჯერი მოწმეების გამოკითხვაზე მიდგა. სასამართლომ პირველი ნიკა კაციას დედა, მარინე აფციაური დაკითხა. დარბაზში მისი შემოსვლისას ნიკა კაციას ფრაზას, “მიყვარხარ დედა” და მის პასუხს “შენ ხარ ჩემი იმედი!” მოსამართლის შენიშვნა მოყვა – მან დარბაზში წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა ყველას.
“ეს არის რუსული რეჟიმი, რომელიც უდანაშაულო ადამიანს 7 თვე არ აჩვენებს საუკეთესო დედას. პატივი ეცით დედაჩემს, რომელიც არის ცამდე მართალი შვილის დედა” – მიმართა ნიკა კაციამ მოსამართლეს.
მარინე აფციაურმა სასამართლოს წინაშე დეტალურად გაიხსენა 7 დეკემბრის ღამე, როცა მისი შვილი დააკავეს. მას ორი შვილი ჰყავს. უმცროსი, ლაშა, ბოლო ოთხი წელი პოლონეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. სახლში მარტო ნიკა და დედა ცხოვრობდნენ. იმ საღამოს, ერთად უყურებდნენ ტელევიზორს და ერთად ნახეს, როგორ დაესხა თავს ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს მოძალადეების დაჯგუფება პირდაპირ ეთერში.
“ნიკა ყველაფერს ისედაც მძაფრად აღიქვამს, განსაკუთრებით კოლეგების ამბებს. საშინელი სანახავი იყო ეს თავდასხმა, შეგრძნება გვქონდა, თითქოს მაკა ჩიხლაძე მოკლეს. ეგრევე დაურეკა თავის მეგობარ თამარს, რომელსაც გავიგონე რომ უთხრა, ტაქსით მოვალ ათონელამდე და მერე ერთად ავიდეთო.
სანამ წასასვლელად ემზადებოდა, კიდევ ერთ მეგობარს დაურეკა. მე სარეცხს ვფენდი სანამ ის ემზადებოდა, ერთი მაიკაც ჩამივარდა და იმისთვის რომ გავედი გარეთ კი მომხვდა თვალში ჩვენს სახლთან უცნაური მოძრაობა, ერთნაირად შავებში ჩაცმული ხალხი იდგა გზის იქითაც და აქეთაც და გამახსენდა რომ ეს ხალხი შუადღისასაც მომხვდა თვალში, ნარჩენების გადასაყრელად რომ გავედი, მაგრამ არ მიფიქრია რომ ჩვენთან შეიძლება ყოფილიყო რამენაირად დაკავშირებული, სახლში რო შემოვბრუნდი კი გამიელვა თავში, ალბათ ვიღაცის დასაკავებლად არიან მოსულებითქო.
11-ის 25 წუთი იყო, ტაქსი რომ გამოიძახა და თქვა, 10 წუთში მოვაო. რო გავიდა, სახლი გარედან გადაკეტა, ჩვენი სახლის საკეტი დაზიანებული იყო და ეგრე კეტავდა ხოლმე. ნიკას წასვლის მერე მთელი ის საღამოს ეკრანთან გავატარე, ისეთი ამბები ხდებოდა, ხან ვის ცემდნენ, ხან ვის კლავდნენ.
დაახლოებით ღამის 1 საათი იყო, კარზე კაკუნი რო გავიგე. პოლიციიდან ვართ ქალბატონო, ნიკუშასთან გასაუბრება გვინდაო – ეს სახელი მეუცნაურა, ახლობლების გარდა ეგრე არავინ არ ეძახის. ფეისბუკზე ეწერა ნიკუშა ბედნიერი კაცია და მისი მეგობრები ეძახდნენ ეგრე. ვუთხარი, კარი გარედან არის ჩაკეტილი, ვერ გაგიღებთთქო. ამ პასუხის მერე ჩურჩული მესმოდა, მერე ერთმა მითხრა, ქალბატონო ახლა ნიკა მოვა და გასაღებს მოიტანსო და წავიდნენ, ფეხის ხმა გავიგე. რასაც კარის ჭუჭრუტანიდან ვხედავდი, ბევრი არ იყვნენ – 5-6.
რომ წავიდნენ, ნიკასთან დავრეკე, ზარი გადიოდა, მაგრამ არ მპასუხობდა – ეს არარსებული ამბავია, არასოდეს დაუტოვებია მანამდე ჩემი ზარი უპასუხოდ. ადრე, პირდაპირ ეთერში როცა მუშაობდა, შეიძლება მაშინ ვერ ეპასუხა, მაგრამ ეგ მეც ვიცოდი და მაგ დროს არც ვურეკავდი, ისე, როცა კი დამირეკავს, ყოველთვის მპასუხობდა. ამ დროს გული ცუდს კიდევ არაფერს მიგრძნობდა.”
– ლაშამ როდის გაიგო ნიკას დაკავების ამბავი? – ჰკითხა მას ადვოკატმა.
– ნიკა რომ არ მპასუხობდა, მის მეგობარს დავურეკე, მაგდა ვასაძეს, რომლმაც ფეისბუკზე დაწერა, ნიკუშა გაქრა, თუ რამე იცით გამომეხმაურეთო და მისი სტატუსიდან გაიგო ლაშამ – თქვა მან და მოყვა, როგორ დაურეკა ამის შემდეგ მესენჯერში ვიდეოზარით უმცროსმა ვაჟმა და უთხრა, რომ საია-ში დარეკავდა და ადვოკატის გამოყოფას მოითხოვდა ძმისთვის. ამ ზარის შემდეგ მალევე დაბრუნდნენ ნიკა კაციას სახლთან პოლიციელები, რომლებიც კარს გასაღებად ეჯაჯგურებოდნენ, მასში ნიკასთვის გამორთმეული გასაღები ჩაკეტეს და რომ მიხვდნენ რომ სახლში ვერ შედიოდნენ, კვლავ წასვლა დააპირეს. ქალმა მათ ფანჯრის გისოსების გახსნა და იქიდან შესვლა შესთავაზა, თუმცა ამ დროს უკვე მეორედ ურეკავს მას ლაშა და ეუბნება რომ საია ინფორმირებულია, მის ხელმძღვანელ ნონა ქურდოვანიძეს ელაპარაკა და ეცდებიან ნიკა მოძებნონ. კაციები დედასთან ერთად პირველ სართულზე ცხოვრობენ და დედაშვილის საუბარი მათ კორპუსთან მდგარ სამოქალაქო ფორმაში პოლიციელებს კარგად ესმოდათ.
– ერთერთმა მკითხა საია რა არისო და ავუხსენი – ამის მერე მალევე წავიდნენ – უთხრა სასამართლოს ნიკა კაციას დედამ. მას გამომძიებელმა მხოლოდ ღამის 3-ის ნახევარზე დაურეკა იმის სათქმელად, რომ ნიკა დაკავებული დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვა-ტარების ბრალდებით.
– ხო არ გაგიჟდითთქო, ვკითხე. სად ნიკა და სად ნარკოტიკები – უთხრა მან სასამართლოს და მოყვა, როგორი ბეჯითი და დამჯერი შვილი იყო მისი ვაჟი, როგორ დაიწყო ადრეულ ასაკში მუშაობა მარტო დარჩენილი დედის, უმცროსი ძმის და მოხუცი ბებიას სარჩენად და როგორ არასოდეს არ ჰქონია შეხება ნარკოტიკებთან.
– პირველად ამბობს ჩემზე კარგს, რომ იცოდეთ – ეუბნება ნიკა დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას.
– დიდი მადლობა სასამართლოს რომ მომცა ამის საშუალება. კი, მე მკაცრად ვზრდიდი შვილებს, მაგრამ კარგი შვილები მყავს – თქვა მარინა აფციაურმა. მასთან კითხვები ჰქონდა პროკურორსაც. მოწმე პროკურორის კითხვებს მკაცრად და მოკლედ ისე პასუხობდა, რომ თავიდან მისკენ არ იყურებოდა.
პროკურორი: რომელ საათზე მოვიდნენ პოლიციელები თქვენს სახლში?
მოწმე: ყურადღებით რომ გესმინათ ჩემთვის, გაიგებდით.
პროკურორი: რამდენ ხანს დარჩნენ თქვენს სადარბაზოში დაახლოებით?
მოწმე: არ ვიცი. ისე როგორც თქვენმა ცრუ მოწმეებმა არ იციან არც ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი.
პროკურორი: თქვენს სახლთან კომერციული ობიექტები არის?
მოწმე: ბევრი.
პროკურორი: ამ კომერციულ ობიექტებს სათვალთვალო კამერები აქვთ?
მოწმე: ეს თქვენ უნდა გამოგეკვლიათ.
ნიკა კაციას დაცვის მხარე გამოძიებას სთხოვდა სახლთან არსებული კამერების ჩანაწერების ამოღებას, თუმცა არათუ ეს ჩანაწერები არ მოხვდა საქმის მასალებში, არამედ კამერების ნაწილიც კი ჩამოხსნილია დღეს მათი სახლის სიახლოვეს განთავსებული ბოძებიდან თუ სავაჭრო ობიექტებიდან.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაზეც კაციას დედამ ილაპარაკა, ტაქსია: მისი თქმით, გამოძახებული ტაქსი ყოველთვის მათ ეზოში მოდიოდა და სახლთან ელოდებოდა კლიენტს, გარდა ამ დღისა, როდესაც მეზობელ ქუჩაზე გაჩერდა მძღოლი ნიკას მოლოდინში. როგორც შემდეგ ნიკა კაციას ძმამ უთხრა სასამართლოს, იმ ღამით აპლიკაციით გამოძახებული ტაქსისტი აღმოჩნდა არა ის პირი, ვინც აპლიკაციაში მძღოლად იყო რეგისტირებული, არამედ სხვა, ვინც მის ანგარიშს სამუშაოდ იყენებდა. სასამართლოს არც ერთი მათგანი მოწმედ არ ჰყავს გამოძახებული და დაკითხული.
კაციას საქმეზე მომდევნო სხდომა 17 ივლისს, 16:00 საათზეა დანიშნული.
ფორუმი