ნიკა კაციას თმის ღერზე ჩატარებული კვლევით ნარკოტიკების მოხმარება არ დადასტურდა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით საპატიმროში მყოფ ნიკა კაციას ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება არ დაუდასტურდა – ეს აჩვენა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნამ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12 აგვისტოს გამოიკვლიეს.
პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, ნიკა კაცია სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მუხლით არის დაკავებული – მას, წაყენებული ბრალის მიხედვით, 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
სასამართლო სხდომაზე დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დასაქმებული ექსპერტი მალხაზ ჯოხაძე გამოიძახეს. მან ჩატარებული კვლევის შესახებ ადვოკატისა და პროკურორის კითხვებს უპასუხა.
საკვლევად აღებული იყო ნიკა კაციას თმის ღერი – ის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შესახებ ინფორმაციას ინახავს სულ მცირე სამი თვის განმავლობაში. ადვოკატმა ექსპერტს გასული წლის დეკემბერში მიმართა, დეკემბერშივე დაინიშნა ექსპერტიზის დღე, თუმცა თებერვალში ჩატარდა.
სხდომაზე საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ ექსპერტს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა თმის ღერიდან ხელოვნურად წაიშალოს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაზე ინფორმაცია. ექსპერტის თქმით, ეს შესაძლებელია შამპუნით, საპნით, ცივი ამინდის ზემოქმედებით და ქიმიური საშუალებებით.
„[თუმცა] ასეთი ქიმიური ზემოქმედება ამ შემთხვევაში ვერ დავაფიქსირე“, – დასძინა მან.
ნიკა კაციას დაკავების შესახებ 2024 წლის 8 დეკემბერს გახდა ცნობილი. ადვოკატ ნინო ლომინაძის თქმით, კაციას სამართალდამცავები სახლთან დახვდნენ, მანქანაში გადაისვეს და სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს. ის ქუჩაში გაჩხრიკეს. როგორც მან უთხრა ადვოკატს, პოლიციელებმა ვიდეოც გადაუღეს, თუმცა ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ.
ამ დაკავებას კაციაც და მისი მეგობრებიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობას უკავშირებენ.
მას ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტით – ამ მუხლით მას 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ნიკა კაციას მსგავსად მსგავსი მუხლით დააკავეს პროევროპული აქციების კიდევ ერთი აქტიური მონაწილე ექიმი გიორგი ახობაძე. არც მის საქმეში იყო ნეტრალური მტკიცებულებები – ვიდეომასალა ან ნეიტრალური პირის ჩვენება, რომელიც მის ჩხრეკას დაესწორ. გიორგი ახობაძე 6 აგვისტოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გაამართლა, რადგან მიიჩნია, რომ საქმეში არ იდო საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც მის დანაშაულს დაამტკიცებდა.
ფორუმი