კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ადასტურებს, რომ მისი თანაგუნდელი, ნიკა მელია რეჟიმის სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს.
“ნიკა დააკავეს მანქანაში, ლისის ტბის ასახვევთან.
არცერთი საფუძველი არ არსებობს: ფორმალურად არც გირაოს გადახდის ვადა გასულა, და არც სასამართლოს არ გამოუტანია აღკვეთის შეცვლის გადაწყვეტილება!” – წერს გვარამია Facebook-ზე.
პარტია ახალის პრესსამსახურის ცნობით, მელია გადაცემაში მიდიოდა.
“საპატრულო პოლიციამ გააჩერა, ის იმყოფებოდა მხოლოდ დაცვასთან ერთად, რა დროსაც, მათ შორის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, ასე მეუბნებიან, რომ ასამდე იყვნენ, წაართვეს ტელეფონები, მათ შორის დაცვის თანამშრომლებს, ამოიღეს ჩიპები და გადააგდეს, მელია ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს, დიდი ალბათობით, გადაიყვანენ ორთაჭალაში” – ამბობს მირანდა ბაღათურია.
აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა დღეს, 00:00 საათამდე ჰქონდა. სასამართლო პროცესი ხვალ, 30 მაისს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.