ნიკა გილაური 5 ოქტომბერს საჯარო შეხვედრას გამართავს – საქართველოს ისტორიული შანსი: შესაძლებლობა რომელიც არ უნდა გავუშვათ ხელიდან

ნიკა გილაური, კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი პარტნიორი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 5 ოქტომბერს საჯარო შეხვედრას გამართავს.

რა არის საქართველოს სტაბილურობის, უსაფრთხოების გაძლიერების და გამდიდრების ფორმულა?

რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე ჩვენს ქვეყანას გაუჩნდა ისტორიული შესაძლებლობა, უმოკლეს ვადაში გახდეს მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკა, რომელიც ამავდროულად იქნება გლობალური მნიშვნელობის საინვესტიციო, სავაჭრო და ლოგისტიკური ჰაბი. ამ შანსის არგამოყენება ჩვენი ისტორიული შეცდომა და უპასუხისმგებლობა იქნება.

შეხვედრაზე ნიკა გილაური წარადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონკრეტულ ხედვას და რეფორმების გეგმას. ახალგაზრდა ლიდერებთან, აკადემიურ და ბიზნეს წრეებთან ერთად ნიკა განიხილავს შემდეგ საკითხებს:

რა კონკრეტული რეფორმებია გასატარებელი ჩვენს ქვეყანაში?

როგორი რეგიონალური და საგარეო პოლიტიკაა საჭირო იმისათვის, რომ საქართველომ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვას და დღევანდელი გლობალური და რეგიონალური გადაწყობის პროცესიდან გამარჯვებული და წარმატებული გამოვიდეს?

ნიკა გილაურს აქვს ინსტიტუციური და ეკონომიკური რეფორმების წარმატებით განხორციელების 20 წელზე მეტი გამოცდილება. მისი პრემიერ-მინისტრობის დროს საქართველომ უმოკლეს ვადებში დაძლია გლობალური ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე გამოწვევები, მიაღწია ეკონომიკის სწრაფ ზრდას, მოიზიდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციები და შეიძინა რეგიონის ენერგეტიკული ჰაბის ფუნქცია.

2012 წლიდან ნიკა გილაური არის კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი და McKinsey & Co-ის უფროსი მრჩეველი. ამ პერიოდის განმავლობაში მან აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის 30-მდე ქვეყნის მთავრობას გაუწია კონსულტაცია სახელმწიფო მმართველობის, ანტიკორუფციული, მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, ენერგეტიკის, სოციალური, განათლების და ჯანდაცვის სფეროებში – წერია პრეს-რელიზში.