ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიზნესმენის, ნიკა გილაურის თქმით, ფონდში, რომელიც მან 3-4 დღის წინ დააარსა 200-ზე მეტმა ადამიანმა და ბიზნესმა, აქციაზე ნაცემი და დაშავებული მოქალაქეებისა და ჟურნალისტების, ასევე სამსახურში გაფიცული და სამუშაო ადგილებიდან წამოსული ადამიანების დასახმარებლად, უკვე 330 ათასი ლარი ჩარიცხა.
“ფონდი რეალურად შეიქმნა 3-4 დღის წინ, რადგან რაღაც პროცედურების გავლა სჭირდებოდა და ამ 3-4 დღეში 200-ზე მეტმა ადამიანმა და ბიზნესმა გადმორიცხა თანხა, 330 ათასი ლარია უკვე გადმორიცხული ამ ფონდში, რაც არაჩვეულებრივია და ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მადლობა ამ სამოქალაქო პოზიციისთვის, ნდობისთვის და მინდა ყველას დავარწმუნო, რომ იქნება სრულიად გამჭვირვალე, ყველაფერს აღვრიცხავთ და ყოველ კვირის ბოლოს გავაკეთებთ ანგარიშს ამ ფონდის, Prosperity Georgia-ს ვებგვერდზე, სადაც აღვწერთ ყველა იმ ქეისს, რომელზეც ეს თანხა გამოვიყენეთ.
თანხის გაცემაც დავიწყეთ, ძალიან სწრაფად შევქმენით ჯგუფი, რომელიც ამაზე მუშაობს. მაგალითად, გადავეცით თანხა GORGIA-ს იმ თანამშრომელს, რომელმაც დატოვა კომპანია პროტესტის ნიშნად მას შემდეგ, რაც GORGIA-მ არ ყიდდა აირწინაღებს. ასეთ გმირული ნაბიჯები გვინდა რომ წავახალისოთ.
ასევე, დავაფინანსეთ გაზის გაშვების შემდეგ დაზიანებული ქალბატონი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვნად დაიზიანა მხარი და სჭირდება პროთეზი. მას ვუხდით ოპერაციის თანხას, ვაპირებთ, რომ გადავუხადოთ თანხა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ პროტესტების მანძილზე.
ასევე, დავეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს გარკვეული დაზიანებები და სახელმწიფო არ გადაუხდის, ან დავაფინანსებთ მათ ოჯახის წევრებს, რომელთაც ეს სჭირდებათ ამ პერიოდის განმავლობაში, მაგალითად, ერთ-ერთი დაზიანებულის დედა არის ჩავარდნილი ლოგინად და სჭირდება მედდა ან ვინმე, ვინც მიხედავს მას ამ პერიოდის განმავლობაში”. – თქვა გილაურმა მთავარი არხის ეთერში.