ნიკა გილაური: სებ-ის სავალუტო რეზერვების ერთ თვეში $627 მილიონით შემცირება შემაშფოთებელია. ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები …

“სებ-ის სავალუტო რეზერვების ერთ თვეში $627 მილიონით შემცირება შემაშფოთებელია”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაური სოციალურ ქსელში წერს და ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
პირველ რიგში მინდა ბოდიში მოუხადო ჩემ Facebook მეგობრებს ასეთი გრძელი პოსტის გამო. ჩავთვალე, რომ აუცილებელია გამოვეხმაურო ამ დღეებში ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნეებულ ინფორმაციას – ოქტომბრის თვეში ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები 627 მილიონი დოლარით შეემცირდა და 4.7 მილიარდი დოლარიდან 4.1 მილარდზე ჩამოვიდა. ამ ციფრის ჩაშლა ეროვნულ ბანკს ჯერ არ გამოუქვეყნებია და სავარაუდოდ აქ შედის სავალუტო აუქციონებზე, BMatch პლატფორმაზე და საგარეო ვალის მომსახურებაზე გაწეული თანხები, მაგრამ თავად ფაქტი 627 მილიონი დოლარით ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შემცირება ერთ თვეში (თან არცთუ ისე მაღალი რეზერვების ქონის პირობებში) ძალზედ შემაშფოთებელია. ეს რეკორდულად მაღალი ციფრია საქართველოს ისტორიაში. ჯამში, წინასაარჩევნოდ (სექტემბერი – ოქტომბერი) ლარის კურსის დაჭერის მიზნით ეროვნულმა ბანკმა 753 მილიონი დოლარი დახარჯა, აგვისტოს თვის მდგომარეობით არსებული სავალუტო რეზერვების – 15.6%.
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის განცხადებით, ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები საშუალო ყოველთვიურ გასავლებთან (იმპორტი და სხვა) მიმართებით (რაც ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ინდიკატორია) უკვე კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ იყო – 2.6 ჯერადი საშუალო თვიური სავალუტო გასავლების, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაციაზე (3-ჯერადზე) დაბალია და მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით ქვეყანა მაღალი რისკის ეკონომიკად ითვლება. ოქტომბრის შედეგების გათალისიწინებით, სავარუდოდ, ეს მაჩვენებლი 2.3-ზეა ჩამოსული (2021 წლის დასაწყისში 7.3-ზე იყო). ამ მაჩვენებლით საქართველო ჩვენი მსგავსი სუვერენული საკრედიტო რეიტინგის („BB“) მქონე ქვეყნებს შორის მსოფლიოში ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. სხვა მთელ რიგ ეკონომიკურ რისკებთან ერთად, ეს აჩენს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუარესების მნიშვნელოვან რისკს.
რატომ არის ეს მდგომარეობა კრიტიკული და რას შეიძლება ველოდოთ უახლოეს მომავალში?
ყოველთვიურად საქართველოში შემოდის უცხოური ვალუტა – ტურიზმის, ექპორტის, უცხოეთიდან გადმორიცხვების სახით და გაედინება უცხოური ვალუტა (ძირითადად ამერიკულ დოლარში ნომინირებული) იმპორტის, ვალის მომსახურების და სხვა ასეთი ოპერაციების განხორციელებისას. როდესაც ქვეყანაში ვალუტის შემოდინება უფრო მცირეა ვიდრე გასვლა, თავისუფალი გაცვლითი კურსის პირობებში გაცვლითი კურსი ადის მაღლა, იმპორტი ძვირდება. შესაბამისად, იმპორტზე დახარჯული ვალუტის გასავალიც მცირდება და ეკონომიკა ახალ ეკვილიბრიუმს პოულობს. იმ შემთხვევაში, თუ ეს დისბალანსი მცირეხნიანია, სეზონურია (მაგალითად ზამთარში შემცირებული ტურიზმის და გაზრდილი ენერგომატარებლების იმპორტის გამო), ან გარედან, ერთჯერადი ფაქტორებით არის განპირობებული, კურსის სეზონური ან/და ერთჯერადი მაღალი მერყეობა რომ აირიდოს თავიდან ეკონომიკამ, ეროვნული ბანკი ერევა და ამ დისბალანსს თავისი რეზერვებით ანეიტრალებს იმ გათვლით, რომ შემედეგ პერიოდში (ზაფხულში გაზრდილი ტურიზმის შემოსავლებით და ენერგომატარებლების ექსპორტის პირობებში) რეზერვებს ისევ შეივსებს. ეკონომიკის ფუნდამენტური ცვლილებისას (ანუ როდესაც არასეზონური და არამოკლევადიანია შემოსავლების და გასავლების დისბალანსი) გაცვლითი კურსის დაჭერა რეზერვების გრძელვადიანი ხარჯვით სრულიად უშედეგო და არამიზანშეწონილია, და საბოლოოდ, მძიმე უკუეფექტს გამოიწვევს. რაც მეტად გააგრძელებს ეროვნული ბანკი კურსის ხელოვნურად დაჭერას, მით უფრო შეკუმშული ზამბარის გახსნის ეფექტი ექნება.
ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ლარის მკვეთრი გაუფასურება (მოკლე პერიოდში, ანუ 1-2 თვეში) რამდენჯერმე დაფიქსირდა: 2015 წლის იანვარ-თებერვალში (“ნავთობის ფასის კრიზისის“ დროს), 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში (კოვიდ-პანდემიის დროს) და 2024 წლის მაის-ივნისში „რუსულ კანონონის“ მიღების ფონზე. ყველა ამ გაუფასურებას წინ უძღვოდა ეროვნული ბანკის მიერ დიდი ოდენობით რეზერვების ხარჯვა გაცვლითი კურსის შენარჩუნების მცდელობით. 2015 წელს დაახლოებით 120 მილიონი დოლარით შემცირდა რეზერვები და გაცვლითი კურსი 1.90-დან 2.26-ზე ავიდა. 350 მილიონი დოლარი დაიხარჯა კოვიდის დროს და ლარის კურსი 3.00-დან 3.40-ზე ავიდა. სექტემბერ-ოქტომბერში, ჯამში, სავალუტო რეზერვები 753 მილიონი დოლარით შემცირდა (რაც ცნობილია). ისტორიული მონაცემების გათვალისწინებით და მცირე ანალიზის შედეგად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლარის კურსი საგრძობლად გაუფასურდება, როგორც კი ეროვნული ბანკი შეწყვეტს მის ხელოვნურ დასტაბილურებას.
არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ს და შედეგების საერთაშორისო არაღიარების და მთავრობის საერთაშორისო იზოლაციის ფონზე გვაქვს ფუნდამენტური ეკონომიკური კრიზისის და დისბალანსის სიტუაცია, როდესაც კურსის დაჭერას აზრი ეკარგება. როგორც კი ლარის კურსი გაუფასურდება, ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ ეროვნულმა ბანკმა აღიარა არჩევნების შედეგების გაყალბება და პოლიტიკური რეალობა და „მიხვდა“, რომ ეს არის არა დროებითი კრიზისი, არამედ ეკონომიკის ფუნდამენტური ცვლილება და აზრი აღარ აქვს კურისის დასასტაბილურებლად რეზერვების ხარჯვას. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი ამას დროულად არ გააკეთებს და „უფროსობასთან გამომსახურების“ გამო გააგრძელებს რეზერვების ასეთი ტემპით ხარჯვას, საახალწლოდ, დიდი ალბათობით, სავალუტო რეზერვები დამატებით 1.0 – 1.2 მილიარდი დოლარით შემცირდება. ეს ბაზრისთვის იმის მანიშნებელი საგანგაშო სიგნალი იქნება, რომ ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები ვერ უზრუნველყოფს ლარის სტაბილურობას. ამ შემთხვევაში კი, უკვე შესაძლებელია ლარის დევალვაცია სპირალურად განვითარდეს, რის შედეგადაც ეკონომიკის სრულ ჩამოშლას მივიღებთ. ეს რომ თავიდან ავირიდოთ, აუცილებელია ეროვნულმა ბანკმა უახლოეს დღეებში გაუშვას კურსი, რომელიც ახალ ეკვილიბრიუმს იპოვის და შემდეგ სცადოს ამ ახალი ნიშნულის შენარჩუნება. ეს, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი სცენარია, ვიდრე რეზერვების იმ დონემდე შემცირება, რომ ბაზარმა ყოველგვარი ნდობა დაკარგოს ეროვნული ბანკისადმი და ეკონომიკა ჩამოიშალოს. თუმცა, ამ საუკეთესო სცენარის შემთხვევაშიც კი, კურსის საგრძნობ გაუფასურებას ვერ ავცდებით. შედეგად, როგორც მინიმუმ, აუცილებლად მივიღებთ გაზრდილ ფასებს, კრედიტის მომსახურეობის საგრძნობ გაძვირებას მათთვის, ვისაც სესხი დოლარში, ხოლო შემოსავალი ლარში აქვთ, საკრედიტო და სხვა საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოვან გაზრდას და ეკონომიკური ზრდის მკვეთრ შეჩერებას. ეს უკვე დამდგარი რეალობაა, რომელსაც ეროვნული ბანკი მხოლოდ და მხოლოდ ავადებს.
ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ თავად მთავრობის საგარეო ვალი (70%-ზე მეტი) უცხოურ ვალუტებში (ძირითადად დოლარში და ევროში), ხოლო შემოსავალი ლარში არის ნომინირებული. შესაბამისად, მთავრობას საგრძნობლად გაუძვირდება ვალის მომსახურეობა. ასევე გაუარესდება ყველა მაკროეკონომიკული მაჩვენებელი, რაც დოლარში არის გამოსახული, მაგალითად მშპ, მშპ ერთ სულ მოსახლეზე, საგარეო ვალი მშპ-სთან შეფარდებით და ა.შ.. დიდი ალბათობით, კურსი 20-25%-ით გაუფასურდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 2 წლიანი ზრდა (რაც ძირითადად რუსული ფულის შემოსვლით იყო განპირობებული) ამ 2 თვეში გაქარწლდება და დოლარში ქვეყნის ეკონომიკა ისევ ერთ სულ მოსახლეზე 6,000 დოლარიან ნიშნულზე შეიძლება ჩამოვიდეს.
რატომ არის ეს დინამიკა ფუნდამენტური და არა დროებითი/ერთჯერადი?
ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებების მიხედვით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი (not free and fair). უფრო მეტიც, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ითხოვენ გამჭვირვალე გამოძიებას, რათა გადამოწმდეს დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ფაქტები საარჩევნო პროცესების დარღვევებზე. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ ასეთი ქმედებების შედეგად შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ ევროპელ პარტნიორებთან ერთად განიხილავს საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით.
ასეთ სიტუაციაში პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იყო და გვაქვს კიდეც: მმართველი პარტია იცავს არჩევნების ფორმალურ შედეგს მაშინ, როცა ოპოზიცია და ამომრჩევლების დიდი ნაწილი ამ შედეგს არ უცხადებს ნდობას და ამას კონკრეტული მტკიცებულებებით ასაბუთებს. ასეთ რეალობაში ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებაზე საუბარიც ზედმეტია, რადგან მთავრობა საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა, მწვავდება პოლიტიკური კრიზისი და ქვეყნის ისედაც დაზიანებული საერთშორისო რეპუტაცია კიდევ უფრო სისტემურად ზიანდება. გარდა პოლიტიკური კრიზისისა, რომელიც არ განიმუხტება მანამ, სანამ არ ჩატარდება განმეორებითი არჩევნები, გველის ძალიან მწვავე ეკონომიკური კრიზისი და შესაძლოა ყველაზე უფრო მწვავეც კი, ვიდრე ბოლო 25 წლის მანძილზე გვქონია საქართველოში.
საერთაშორის საფინანსო ინსტიტუციები: მრავალი წლის განმავლობაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებაში და ქართველი ხალხის კეთილდღეობის ამაღლებაში. ეს გამოიხატებოდა როგორც გრანტებით და კრედიტებით სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირი დაფინანსებაში, ასევე კერძო სექტორის მხარდაჭერაში. აღნიშნული მხარდაჭერის გაჩერება კი გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან შემცირებას და მრავალი ინფრასტრუქტურული, საინვესტიციო, საბიუჯეტო და სხვა ეკონომიკური პროექტის სრულ გაჩერებას. 2019-2023 წლებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ საქართველოში კერძო სექტორში და სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწიურად შემოდიოდა დაახლოებით 0.5 მილიარდი აშშ დოლარის შეღავათიანი კრედიტები და გრანტები. ამ გადმორიცხვების ნაწილი უკვე გააჩერეს ევროპულმა და ამერიკულმა ინსტიტუტებმა. არაღიარებული არჩევნების ფონზე კი, დიდი ალბათობით, თითქმის სრულად შეჩერდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგრამები. ეს გადმორიცხვები ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი საფინანსო „ბალიში“ იყო – გარანტირებული შემოსავალი, რომლის დიდი ნაწილი ქვეყანას სავარაუდოდ მოაკლდება და შესაბამისად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზეც აისახება. მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია დაახლოებით 2 მილიარდი ლარის დაფინანსება დონორების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების კრედიტებით, რომლის უდიდესი ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე მოდის. ამ კრედიტებს საქართველო შეღავათიანი პირობებით იღებს (2-3%-იანი საპროცენტო განაკვეთი). დიდი ალბათობით, ეს პროექტები გაჩერდება და, შესაბამისად, ეს ფულიც ქვეყანაში აღარ შემოვა, რაც უკვე საკმაოდ დიდ დისბალანს გამოიწვევს ჩენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.
ასევე აღსანიშნავია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის შეჩერება საქართველოში. ეს პროგრამა ერთი წლის წინ შეჩერდა ეროვნულ ბანკის მხრიდან არამიზანშეწონილი ქმედებების გამო. ამ პროგრამის არსებობა, სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, მნიშვნელოვანია სწორედაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისების დასაძლევად, ვინაიდან ასეთ დროს IMF იძლევა იაფ და გრძელვადიან ფინანსურ დახმარებას და ქვეყანას კრიზისიდან თავის დაღწევაში ეხმარება. საქართველო IMF-ის პროგრამის წევრია 1992 წლიდან და ამ პერიოდის მანძილზე 10-ჯერ დაეხმარა ქვეყანას სხვადასხვა ფინანსური რესურსით. დღეს ეს პროგრამა შეჩერებულია, რასაც ასევე მძიმე რეპუტაციული ზიანი მოაქვს საქართველოსთვის.
უცხოური ინვესტიციების მკვეთრი კლება: მოსალოდნელია ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების მნიშვნელოვანი შემცირება და უფრო მეტიც, არსებული უცხოელი ინვესტორების გარკვეულმა ნაწილმა შესაძლოა დატოვოს ჩვენი ბაზარი. ბოლო სამი წლის საშუალო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში დაახლოებით 1.8 მილიარდი აშშ დოლარი იყო და ეს ციფრი საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, სავარაუდოდ, კოვიდის პერიოდის მინიმუმს დაუბრუნდება და 0.5 მილიარდზე დავა. გარდა ამისა, სავარაუდოდ, კვლავ გააგრძელებს ვარდნას საფონდო ბირჟაზე გასული ქართული კომპანიების აქციების ფასი. ამ წლის აპრილიდან „ს“ აქციის ფასი 17%-ით, „თი-ბი-სი“ ბანკის 15%-ით, ხოლო „ჯორჯია კაპიტალის“ 18%-ით შემცირდა. რუსული კანონის შემოღებიდან მოყოლებული, ჯამურად, ამ კომპანიების ღირებულება ბაზარზე 1.4 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა. ჩატარებული არჩევნებიდან პირველივე სამუშაო დღეს ამ ქართული კომპანიების ფასმა საგრძნობლად (საშუალოდ დაახლოებით 10%-ით) დაიკლო. ბოლო კვირის განმავლობაში კი გაიზარდა, მაგრამ საქართველოს მთავრობის საერთაშორისო იზოლაციის და ევროკავშირის ელჩის განცხადების ფონზე, სავარაუდოდ, ისევ დაეცემა. ინვესტორისთვის ეს არ არის სტაბილური გარემო. ინვესტორს დიდი ალბათობით საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა ჰქონდა გათვალისწინებული ამ კომპანიების ფასში და დღევანდელი რეალობა აღარ შეესაბამება ასეთ გათვლებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდება და უცხოური კომპანიების მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ უნდობლობა კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, დიდია იმის ალბათობა, რომ ქვეყნიდან სამუშაო ძალის გადინების კიდე უფრო ზრდის და ქართველი ემიგრანტების მხრიდან გადმორიცხვების შემცირების მოწმეები გავხდეთ. გადმორიცხული თანხების კლება ძირითადად განპირობებული იქნება მაღალი გაურკვევლობით და მთავრობისადმი უნდობლობით, რაც გამოიწვევს მინიმუმ უძრავ ქონებასთან და მცირე ბიზნესთან დაკავშირებული გადმორიცხვების მნიშვნელოვან კლებას.
საბანკო სექტორი: ევროპის და ამერიკის მიერ არაღიარებული არჩევნების შედეგად იზოლირებული მთავრობის პირობებში მნიშვნელოვნად იზრდება ქვეყნის ეკონომიკური რისკი (ე.წ. country risk premium-ი), რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკებს გაუძვირდებათ (ან ზოგი ბანკი საერთოდ ვერ შეძლებს) საკრედიტო რესურსის დამატებით მოზიდვას (მათი თითქმის 100%-იანი ფინასნური რესურსი სწორედ ამერიკული და ევროპული ფონდებიდან მოდის) და შესაბამისად, ბანკებისთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება მოსაზიდი ფინანსური რესურსების ფასი, რაც პირდაპირ აისახება საქართველოში ფულის ფასზე. ასევე, გაზრდილი ეკონომიკური რისკების ფონზე, დიდია იმის ალბათობა, რომ გაჩნდეს მაღალი მოთხოვნა არარეზიდენტების მხრიდან დეპოზიტების გატანაზე ქართული ბანკებიდან (ქართულ ბანკებში 11 მილიარდ ლარამდეა არარეზიდენტების დეპოზიტები). ასევე, საქართველოს მოსახლეობის მხრიდანაც შეიძლება დავინახოთ დეპოზიტების გატანის ტენდენცია ან/და მათი „გადოლარება“, რაც გამოიწვევს დოლარზე მოთხოვნის კიდევ უფრო დიდ ზრდას, ხოლო ბანკებში კი ლიკვიდურობის პრობლემებს. შედეგად შეიძლება მივიღოთ საბანკო სისტემის კრიზისი (ე.წ. Bank Run-ი), რაც ძალიან მძიმედ დააწვება საქართველოს ეკონომიკას.
ამაზე დამატებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, რომ თუ მოხდა პიროვნული ან/და ინსტიტუციური სანქციების დაწესება ამერიკის ან ევროპის ქვეყნების მხრიდან, რაც მათი განცხადებების ფონზე (არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით) ძალზედ მოსალოდნელია, არ არის გამორიცხული, რომ არსებულმა სიტუაციამ იმდენად გაზარდოს ქვეყნის რისკი, რომ საკორესპონდენტო ბანკებმა ქართულ ბანკებს შეუზღუდონ საერთაშორისო გადარიცხვები. ეს კი ქვეყნის ისედაც მცირე და მყიფე ეკონომიკას უმძიმეს დარტყმას მიაყენებს.
ს ან/და ჩინეთის იმედად ყოფნა
ხელისუფლება ალბათ შეეცდება რუსეთიდან ან ჩინეთიდან მოიზიდოს ახალი ფული და ჩაანაცვლოს დასავლელი ინვესტორები (სავარაუდოდ ამას ხელისუფლება უკვე შეჰპირდა კიდეც მსხვილ ბიზნესს და ამიტომაც არის ის გაჩუმებული), მაგრამ ეს კიდევ უფრო დიდ პრობლემას გამოიწვევს. ასეთი ტიპის რუსულ ან ჩინურ კაპიტალს თავისი წესები, მოთხოვნები და, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემები მოჰყვება. პირველ რიგში (თუ ამ გზით წავიდა ხელისუფლება), შემოვა დასანქცირებული და შავი ფული, რომელსაც დამატებითი სანქციები მოჰყვება დასავლეთიდან და დამატებით ჩამოშლის ეკონომიკას. როგორც წესი, ასეთ ფულს თავისი მოთხოვნა აქვს – ინვესტორი უნდა იყოს განმკარგავი და ქართველი ბიზნესმენი კი უპირობო მომსახურე და არა პირიქით. საქართველოში შემოტანილი კაპიტალის დიდი ნაწილი ქართული კომპანიების მიერ იმართება და ამას ქართული ბიზნესი დაჩვეულია, რადგან ეს არის ევროპელი/ამერიკელი ინვესტორების modus operandi. რუსული შავი ფული კი რუსული შავი ბიზნესის სამართავი იქნება, ხოლო ქართული ბიზნესი მხოლოდ მომსახურეს როლში გამოვა და თან ამას სანქციებიც მოყვება.
რა არის გამოსავალი?
ასეთი მძიმე კრიზისის სწრაფად განმუხტვა მარტივი არ არის და არჩევნების შედეგთან მიმართებით ხელისუფლების მიდგომების ფუნდამენტურ ცვლილებას მოითხოვს. ერთადერთი გზა მდგომარეობის გადასარჩენად არის საქართველოს რეპუტაციის აღდგენა, საერთაშორისო იზოლაციისაგან თავის არიდება და მოსალოდნელი უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, რაც მხოლოდ სამართლიანი წესებით ახალი არჩევნების ჩატარებით მიიღწევა. ამ სიტუაციაში, თუნდაც ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლით, მოსალოდნელი ეკონომიკურ კრიზისი ვერ განიმუხტება, რადგან პარლამენტში შესული ოპოზიციის ნაწილი მხოლოდ კრიზისის ინსტიტუციური თანამონაწილე გახდება და მეტი არაფერი. კვლავ განვმეორდები, ქართველი ხალხის და ჩვენი დასავლელი პარტიორების აზრით, არჩევნების შეფასება „არა თავისუფალი და არა სამართლიანია“ (not free and fair) და აქედან გამომდინარე, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი – პარლამენტი, მომავალი მთავრობა და სხვა ინსტიტუტები – არალეგიტიმურად ჩაითლება დასავლელი პარტიორების მიერ. თქვენ რომ იყოთ ინვესტორი, რომელსაც არჩევანი აქვს საქართველოში განახორციელოს ინვესტიცია (რომელზეც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა რომ “ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია საქართველოს მთავრობის ქცევის გამო”), თუ აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაში, არალეგიტიმურად გამოცხადებული მთავრობის სახელმწიფოში ჩადებდით ინვესტიციას თუ სხვაგან აიღებდით რისკს? დიდი არაკომპეტენტურობა და გულუბყვირილობაა იმის მტკიცება, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტიის პარლამენტში შესვლით განიმუხტება სიტუაცია, აღდგება ქვეყნის ეკონომიკური რეპუტაცია, დასავლელ პარტნიორებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა და ავიცილებთ ეკონომიკურ კრიზისს.
ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელსაც ხალხის და საერთაშორისო აღიარება ექნება, აღადგენს საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო ინვესტორების თვალში, გამოსწორდება საინვესტიციო გარემო, აღდგება საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტები და გადაარჩენს ქვეყანას ეკონომიკური კოლაფსისგან.