ნიკა გილაური: პარტიის წევრი არასდროს ვყოფილვარ, მზად ვარ ჩემი ხედვები ყველა პარტიას და პრეზიდენტსაც გავუზიარო

ნიკა გილაურმა, რომელიც 2009-2012 წლებში საქართველოს პრემიერმინისტრი იყო, მანამდე კი ჯერ ენერგეტიკის და შემდეგ ფინანსთა მინისტრის პოსტებს იკავებდა, საჯარო ლექცია გამართა, სადაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრა. მათ შორის, იმაზე, რომ დროული ეკონომიკური რეფორმების გატარების შემთხვევაში, საქართველოს მოკლე ვადაში შეუძლია ძლიერ ეკონომიკად და რეგიონში მთავარ აქტორად გარდაიქმნას.
ნიკა გილაურს, როგორც თავადვე აღნიშნა ლექციის დასაწყისში, 12 წელია ინტერვიუ არ მიუცია და პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა მიუხედავად მოარული ხმებისა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, იგი შესაძლოა განიხილებოდეს პრემიერმინისტრის პოსტზე, მან მედიის მხრიდან დასმულ კითხვებს ამასთან დაკავშირებით არ უპასუხა.
სამაგიეროდ, უპასუხა ლექციაზე დამსწრე მოქალაქის კითხვას, რატომ არ არის პოლიტიკაში და ხომ არ აპირებს მოსვლას. გილაურმა განაცხადა, რომ პარტიის შემადგენლობაში ის წინა ხელისუფლების დროს მინისტრობის პერიოდშიც არ ყოფილა, თუმცა მზად არის საკუთარი ხედვები და ანალიზი ნებისმიერ პარტიასა და საქართველოს პრეზიდენტსაც გაუზიაროს.
გილაურის თქმით, საქართველოს რომ ეკონომიკური ზრდის ის ტემპი და დინამიკა შეენარჩუნებინა, რაც 2004-2012 წლებში ჰქონდა, მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე, 30 000 დოლარის მაჩვენებლამდე ავიდოდა და საქართველო ახლა ბევრი საფეხურით წინ, ესტონეთთან ახლოს მდგომი ეკონომიკა იქნებოდა.
გილაურმა თავის პრეზენტაციაში აღნიშნა ისიც, რომ ამ დროისთვის არსებული შესაძლებლობების გამოყენებისა და რეფორმების გატარების შემთხვევაში, 18%-იანი ზრდის ტემპის მიღწევისას, საქართველოს შეუძლია 2029 წლისთვის დღევანდელი ხორვატიისა და პოლონეთის მაჩვენებლებს მიუახლოვდეს. 2023 წელს საქართველო სომხეთთან არის ახლოს და სერბეთს ჩამორჩება. თუ გვექნება ისეთივე ზრდა, როგორიც გასულ პერიოდში, 2029 წლისთვის საქართველო ისევ დღევანდელ სერბეთთან ახლოს დარჩება.
„გარდა ევროკავშირში ინტეგრაციისა, რომელიც უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის, ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი, შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს რეგიონული ჰაბი, ეკონომიკური ჰაბი, რეგიონული ცენტრი დასაქმების, საინვესტიციო ცენტრი, ლოგისტიკური და ტრანსპორტის ცენტრი“, — აღნიშნა გილაურმა.
გილაური ამბობს, რომ შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ ის ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის არა უბრალოდ დერეფანი, არამედ ეკონომიკური ჰაბი და დასავლეთთან დამაკავშირებელი პლატფორმა გახდეს, მხოლოდ 1-2 წელია, რაც არსებობს და 2-3 წელიწადში ეს შესაძლებლობა აღარ იარსებებს, მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში.
ყოფილი პრემიერმინისტრის თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, მას უნდა ჰქონდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, სამართლიანი , განვითარებული საფინანსო სექტორი, თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლო.
რეფორმების ჩამონათვალში, რაც საქართველომ უნდა დროულად განახორციელოს, გილაურმა დაასახელა მთავრობის ბიუჯეტის შემცირება ეკონომიკასთან მიმართებით, რაც სასურველია, არ ასცდეს 21-22%-ს; კერძო სექტორის მონაწილეობით განისაზღვროს ფორმულები, რითაც ყოველწლიურად გამოითვლება ბიუჯეტი სხვადასხვა მიმართულებით; ინვესტორების მოზიდვის სტრატეგიის რეფორმა.
პუბლიკის წინაშე გილაური დღეს საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი პარტნიორის რანგში წარდგა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამავე დღეს განაცხადა, რომ მას პრემიერმინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, თუმცა მას ჯერ არ დაასახელებს, სანამ კანდიდატის შეჯერება ოპოზიციასთან არ მოხდება. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მის კანდიდატს პოლიტიკური წარსული არ აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს