სასამართლოში დიდი დავიდარაბაა. მოსამართლეებმა მასობრივად დაიწყეს პოლიტიკური დაკვეთების გაპროტესტება, – ამის შესახებ ნათქვამია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას წერილში, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მისივე თქმით, ამ საქმეში სრულად ჩართულია სუს-იც და ზოგს პირადი ცხოვრებით, ზოგს კორუფციული ფაქტებით, ხოლო ზოგს ოჯახის წევრების და სხვა ამგვარი ფაქტებით „პრესავენ“.
„ყველა პროცესზე (სისხლისაც და ადმინისტრაციულისაც) დარბაზის შესასვლელ კართან, ოთხკუთხედი შუშის სარკმელში იყურება სუს-ის თანამშრომელი და თვალმოუშორებლად, მთელი პროცესის განმავლობაში მოსამართლის თვალებში აქვს გაყრილი მზერა. აუცილებლად შემჩნეული გექნებათ, იმ სარკმელთან მისვლა და დადგომა რა რთულია. ხშირად, იქ დგომისთვისაც კი დაუკავებიათ. დადგები თუ არა, ეგრევე აგრესიულ მოქმედებებზე გადადიან მანდატურები. ამბავი კი ისაა, რომ ეს სუს-ის ტერიტორიაა.
მოსამართლეები ძალიან შეწუხებულები არიან სოციალური იზოლაციით და მოქალაქეების მხრიდან სამართლიანი გულისწყრომით. მათ ყველგან ცნობენ: სამეზობლოში, მაღაზიაში, ქუჩაში, მოკლედ, ყველგან და მძიმე სიტყვებს ეუბნებიან. ბევრ მათგანს პრობლემები აქვთ საკუთარ შვილებთანაც. ამ პრობლემების გამო მოითხოვეს მათ პროცესების დახურვა, მაგრამ არც ამან უშველათ. ამიტომაც სრულად ჩაერთო ამ საქმეში სუსი: ზოგს პირადი ცხოვრებით, ზოგს კორუფციული ფაქტებით, ზოგს ოჯახის წევრების და სხვა ამგვარი ფაქტებით პრესავენ.
იგივე ამბები დაიწყო მოწმეების მხარესაც, რომლებიც ძირითადად სპეცრაზმელები და პოლიციელები არიან. 20 ივნისის გამოძიების უცაბედი დაწყება არა მხოლოდ და არა იმდენად გახარიას, არამედ მათ მიმართაა სიგნალი – გაგიხსენებთ ძველ დარბევას და დაგიჭერთ თუ სწორად არ მოიქცევით. მოწმეებთან დაკავშირებითაც მოითხოვს სუსი მოსამართლეებისგან, რომ ისინი არ „გატისკონ“.
ყველა პატრონიანმა მოსამართლემ შეძლო და დაალაგა კლანთან: მათ ან საქმეები არ ეწერებათ, ან ზემდგომ ინსტანციაში გადაჰყავთ. თავადაც შეატყობდით: არც ერთი ბობოლა მოსამართლე არ იხილავს საქმეს, არც ერთი იმათგან, ვისაც წინა წლებში პოლიტიკური სასჯელი გამოჰქონდა. მათ ნაცვლად ახალი და აქამდე უცნობი მოსამართლეები არიან, თან არაადეკვატურად მცირე რაოდენობით. თითო მოსამართლეს რამდენიმე მრავალეპიზოდიანი და მრავალბრალდებულიანი საქმე აწერია, რაც სრულიად გამორიცხულია საქმეთა ნორმალური განაწილების პირობებში.
უსინდისოების, სინდისის გაღვიძების მე არ მჯერა. მაგრამ, მათი მხრიდან საზოგადოებრივი რისხვის შიშის – ძალიან მჯერა.
ყველაფერი სწორად მიდის. ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ! ოლიგარქია უნდა დაემხოს!“, – წერს ნიკა გვარამია.
