ნიკა გვარამია ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,BBC -ის გამოძიებამ დაადასტურა და დეტალებში მოგვიყვა, რა ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ შარშან შემოდგომას. რაც ყველამ გადავიტანეთ და ვერ ვამტკიცებდით.
კონვენციური დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ: გამოიყენა მომწამვლელი ნივთიერება, აკრძალული საერთაშორისო კონვენციებით ომის ვითარებაში გამოსაყენებლადაც კი.
უნდა ითქვას, რომ ამგვარი ქმედება – ანუ კონვენციური დანაშაული – უნივერსალური იურისდიქციისაა და მისი გამოძიების და დამნაშავის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაკავების უფლება აქვს ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, რომ არაფერი ვთქვათ საერთაშორისო სანქციებზე.
რაც შეეხება საკუთვრივ კამიტეს: ეს აკრძალული ქიმიური ნაერთი (ბრომ – ბენზილიციანიდი) არ არის მიტინგის დაშლის საშუალება. დაშლის საშუალებებს აქვს ხანმოკლე და მწვავე მოქმედება და რამდენიმე საათს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან აკრძალულია ქიმიური ნაერთის წყალში გარევა. ნაცვლად მისი დადგენილი წესით და დადგენილ გამხსნელთან შერევით შესხურებისა. წყლის ჭავლი არის ფართო დაფარვის და თუ ის მოწამლულია, მაღალი ალბათობით იწვევს არა მარტო ხანმოკლე მხუთავ და პანიკურ ეფექტს, არამედ შედის ორგანიზმში კანის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ( გადაყლაპული წყალი) მეშვეობით და იწვევს შხამის დაგროვებას ქსოვილებში და მის გრძელვადიან მოქმედებას. მით უფრო, როცა კამიტეს მოქმედება ისედაც აქეთკენაა მიმართული – გრძელვადიანად წამლოს ორგანიზმი და შეუზღუდოს ადამიანს მოქმედების უნარი.
რაც შეეხება კამიტეს ეფექტს: პირველ რიგში სწორედ ეს ასპექტი იძლევა იმაზე წარმოდგენას, თუ რა იყო ამ დარბევების ( და არა დაშლის) მიზანი – პროტესტის ჩახშობა.
კამიტეს გრძელვადიანი ეფექტებია: ქრონიკული გადაღლა, დეპრესია, დეზორიენტაცია და კოორდინაციის გართულება, თავბრუსხვევა და გახშირებული ძლიერი თავის ტკივილი, ფილტვების ანთებითი პროცესები, რომელიც მრავალკვირიან წოლით რეჟიმს იწვევს. ხომ არ გეცნობათ ეს ფსიქო-სომატური სიმპტომები? და რა უნდა იყოს პროტესტის გრძელვადიანი ჩახშობისთვის უფრო “შესაფერისი”, ვიდრე ეს სიმპტომები? მე გეტყვით – ალესილი ნიჩბებით რაც მოაწყვეს სუსებმა 1989 წელს, მხოლოდ ეგ. თორემ “ჩერიომუხასთან” ძალიან მიახლოვებული იარაღი კი გამოიყენა ივანიშვილმა. კარგად რომ მოვჩხრიკოთ, არ გამიკვირდება, თუ რუსეთში ყოფნისას ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილთა სიაში როდიონოვიც რომ აღმოჩნდეს.
ნებისმიერ შემთხვევაში, BBC -ის გამოძიებით ის დადასტურდა, რომ ივანიშვილი პირველი ქართველია, რომელმაც მძიმე მომწამლავი აირი გამოიყენა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და როდიონოვამდე მას მხოლოდ ნიჩბების ალესვა დარჩა.”




