: თუ არ მოვემზადეთ, ივანიშვილი გეოპოლიტიკური სასაფლაოს დირექტორად დარჩება

ნიკა გვარამია  ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო არა მარტო კავკასიაში, არამედ შავი და კასპიის ზღვების აუზებში  მთავარ ქვეყნობისთვის ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებს.

ეს ქართველი ხალხის ისტორიული მონაპოვარია, ჩვენი წინაპრების მონაპოვარი, ამიტომ არ დავთმობთ, რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყნის შიგნით! – წერს გვარამია.

კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ასევე საუბრობს ირანის ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნების პერსპექტივაზე და ამბობს, რომ ირანი-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის კვადრატს საქართველო მომზადებული უნდა დახვდეს .

თუ არ მოვემზადეთ, სამუდამოდ დავრჩებით რუსეთის ღარიბ სატელიტად, კი გეოპოლიტიკური სასაფლაოს დირექტორად სიცოცხლის ბოლომდე – წერს წეილში .

ძალიან სამწუხარო ტექსტი მოვისმინე დავოსში აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან. როგორც ქართველმა მინდა ვთქვა, რომ ის, რომ დავოსში საქართველო არ არის (რაც სრული კატასტროფაა), ის რომ ყველასგან გარიყული ე.წ. მთავრობა გვყავს, რომელიც საერთაშორისო პარიაცაა და გიჟივით იქცევა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის და მთავარ ქვეყნობისთვის არა მარტო კავკასიაში, არამედ შავი და კასპიის ზღვების აუზებში. ეს ქართველი ხალხის ისტორიული მონაპოვარია, ჩვენი წინაპრების მონაპოვარი, ჩვენი თაობების არჩევანი და ჩვენი მომავლი თაობების სურვილი. ამიტომ არ დავთმობთ, რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყნის შიგნით! არ დავუთმობთ არავის!
როგორც ვხედავთ და როგორც მკაფიოდ ჩანს, ირანის გათავისუფლების პერსპექტივა სერიოზული გეიმ ჩეინჯერია ევროპის უკიდურესი აღმოსავლეთის რეგიონში, რაშიც მე შავი ზღვის და კასპიის ზღვის აუზებს მოვიაზრებ. და თუ ირანის ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნების მომენტს მომზადებულები არ დავხვდით, შეიკვრება ირანი-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის კვადრატი და სამუდამოდ დავრჩებით ჩიხად და რუსეთის ღარიბ სატელიტად, კი გეოპოლიტიკური სასაფლაოს   დირექტორად სიცოცხლის ბოლომდე.
ეს არ უნდა დავუშვათ არავითარ შემთხვევაში! 
ესაა ისტორიული ამოცანა, სწორედ, თორემ ქოცი იყო მმართველობაში, თუ მარსიანელი, ეს ისტორიას საერთოდ არ დააინტერესებს.
ჩვენი ძალა იმაშია, რომ მხოლოდ ჩვენ გვაქვს ამ რეგიონში ევროკავშირის წევრობის რეალური შანსი და არ უნდა დავუშვათ, რომ ამაში სომხეთმა ჩაგვანაცვლოს.
დროა მკაფიოდ ისიც ითქვას, რომ თბილისის შემდეგ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი, მიზიდულობის ცენტრი, გნებავთ მეორე დედაქალაქი არის ბრიუსელი, მკაფიოდ და ცალსახად – ბრიუსელი”, – წერს გვარამია. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ტვირთების გადაზიდვა, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს დერეფნით ხორციელდება, მომავალში სომხეთის მიმართულებით გადაინაცვლებს. ამის შესახებ მან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დავოსში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა.

ალიევის თქმით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს სთხოვა, უზრუნველყოს სომხეთიდან რუსეთში ტვირთების ტრანზიტი აზერბაიჯანის გავლით, რაც დერეფნის პრაქტიკულად ცალმხრივ გახსნას ნიშნავს. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე გადაზიდვები საქართველოს გავლით ხორციელდება, მომავალში სომხეთის დერეფანი აქტიურად ამოქმედდება და ეს პროცესი შორეულ პერსპექტივად არ განიხილება.