ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით, – ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა და გაიტაცა.
გვარამიას თქმით, ამას არავინ კადრულობს სა და მისი „ხელის ბიჭების“ გარდა.
„სრულიად კატასტროფული იყო ის, რაც მოვისმინეთ. აღმაფრთოვანებელი იყო თინა ბოკუჩავას გამბედაობა, ასეთ ვითარებაში და ასეთ კონტექსტში ძალიან სწორხაზოვანი და პრინციპული პოზიცია. ჩვენ არცერთი წამით არ გვეპარება ეჭვი, რომ ის, რაც მოხდა, მიმართული იყო უპირველეს ყოვლისა, მის პოლიტიკური განეიტრალებისკენ. იმ პარტიის, რომლის თავმჯდომარესაც ის წარმოადგენს. სრულ თანადგომას ვუცხადებ თინას და კვლავ ვაფიქსირებ, რომ ამ უმძიმეს „მწვერვალებს“ ყოველდღიურად იპყრობს „ქართული ოცნება“. პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით. ყველაზე უფრო მოწყვლადი სუბიექტების მიმართ მუქარით. ვგულისხმობ, ბავშვებს და პირველ რიგში, მცირეწლოვან ბავშვებს. ეს არის კადიროვის საქართველო, ეს არ არის საქართველო. ასეთი რამ უპრეცედენტოა ქვეყნისთვის. ასეთი რამ არ უფიქრია იგორ გიორგაძესაც კი ათეულობით წლების წინ. ამას კადრულობს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები. წარმოუდგენლად მიგვაჩნია ამ რეჟიმთან რაიმე, თუნდაც ირიბი თანამშრომლობა. უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია სრული ბოიკოტირება მათ მიერ მოწყობილი სამარცხვინო სპექტაკლების, უპირველეს ყოვლისა, ამაში ვგულისხმობ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესი, რომ ჩაგვითრიოს პროცესის სიმულაციაში, რაც მხოლოდ მას აწყობს. არ აწყობს პირველ რიგში, ჩვენს სამშობლოს, საქართველოს მოქალაქეებს და არ აწყობს არცერთ პოლიტიკურ მოღვაწეს, ჩვენ ამაში ღრმად დარწმუნებული ვართ“,-განაცხადა გვარამიამ.