ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის,პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია განცხადებაში წერს, რომელიც მის “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელდა.
ნიკა გვარამია ეხმაურება „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.
გვარამიას თქმით, აპირებს პროცესში ჩართვას და ციხიდან ბათუმში სიარულს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის და საკუთარი თავის წარმოსადგენად.
გვარამიას შეფასებით, რაც ხდება, ძალიან საჭირო და სასარგებლოა, მეტიც – იმედისმომცემი. ოპოზიციონერის თქმით, „დიქტატურამ, ვიდრე წაიქცევა, სიშლეგის ყველა მწვერვალი უნდა დაიპყროს, უკანდაუბრუნებლების წერტილი უნდა გაიაროს“, სხვაგვარად უბრალოდ არ ხდება.
“ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ. ცხადია, დავკრძალავთ პოლიტიკურად და პროფესიულად. პარტიების აკრძალვაზე კი 3 რამეს ვიტყვი (ზემოთქმულის გარდა): აუცილებლად ვაპირებ პროცესში ჩართვას და ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად. ყველა პროფესიაში მიპირებენ აკრძალვას, როგორც ვხედავ (ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ადვოკატი) და ჩემს კონსტიტუციონალისტობას რამეში გამოვიყენებ, სანამ ეგეც ამიკრძალეს თან, გავერთობი“,- წერს გვარამია თავის განცხადებაში.
ამასთან, გვარამია ეხმურება იმ პარტიების საკითხს, რომლებიც ჯერ არ არიან ასაკრძალავ პარტიების სიაში. გვარამიას შეფასებით, ხელისუფლება ახლა მხოლოდ ბარიერ დაძლეული პარტიების აკრძალვაზეა ფოკუსირებული, საჭიროების შემთხვევაში სხვა სუბიექტების წინააღმდეგაც სწრაფად იმოქმედებს.
“ცალკე და ხაზგასმულად მინდა აღვნიშნო იმ პარტიების შესახებ, რომლებიც „ჯერ არ აკრძალეს“. მარტივია, საქმის სწრაფად განხილვას აპირებენ და 3 მოპასუხეს და 10 მოპასუხეს შორის სხვაობას ვინც ვერ ხედავს, მინდა გითხრათ, რომ თითო მოპასუხეს თავისი წარმომადგენლები, სპეციალისტები, შესასწავლი გარემოებები და საპროცესო უფლებების და პროცედურების მთელი დარჩენილი კომპლექტი ახლავს თან. ცალკეული პირებიც მაგიტომ არ არიან სარჩელში – ეგენიც ცალ-ცალკე მოპასუხე იქნებოდა, თითოეული თავისი სამართალწარმოების სრული კომპლექტით. ასე რომ, არც ვინმეს გაუფრთხილდნენ, არც ვინმეს მოერიდნენ, არც ვინმეს გაურიგდნენ. აბსურდია, უსაგნო და დამაზიანებელი ეს კონსპირაციები ამ და სხვა თემებზე. მოკლედ, საკითხის სწრაფად გადაწყვეტის ამბავია და ბარიერ დაძლეული საარჩევნო სუბიექტების აკრძალვის გზით წავიდნენ, სხვების აკრძალვას ნებისმიერ დროს 14 დღეში „მოაყომარებენ”,- წერს გვარამია.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ რეალურად საუბარია არა კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების, არამედ სრულიად არჩევნების გაუქმებაზე.
გვარამიას შეფასებით, მთავარი პრობლემა არჩევნების კონკურენტუნარიანობის დაკარგვაა, რაც ავტომატურად გამორიცხავს მის ლეგიტიმურობას.
გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ პარტიების აკრძალვა ყველაზე მძიმე ფორმაა პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიისთვის პროტესტი და პოლიტიკური კონკურენცია ერთადერთი სერიოზული წინაღობაა:
“რეალურად, პარტიები კი არა, არჩევნები აიკრძალა. ვინც არ უნდა დარჩეს, რაც არ უნდა შეიქმნას, 3 ყველაზე რეიტინგული მეინსტრიმული სუბიექტის გარეშე (გინდაც 2 თუ 1), არჩევნები არ აკმაყოფილებს თავისუფალი არჩევნების სტანდარტს კონკურენტუნარიანობის ნაწილში. შესაბამისად, თეორიული შანსი მისი შედეგების ლეგიტიმურობისა (სულ რომ შეთხზულმა ოპოზიციამ გაიმარჯვოს) უბრალოდ არ არსებობს. კონკურენტულობა არის პირველი ფილტრი არჩევნების ლეგიტიმაციის, ყველა სხვა, გაყალბების სხვადასხვა სახეების ჩათვლით, მხოლოდ ამის შემდეგ მოწმდება. თუ პირველ ფილტრს ვერ გაივლი, დანარჩენს აზრი არ აქვს – ნულოვანი ლეგიტიმაცია დგება.
ასე, რომ ნურც შეთქმულებებით გავიწვალებთ დიდად თავს და მაინც და მაინც ნურც გულუბრყვილო თუ უსინდისო პარტიული ინჟინერიით დავკავდებით. არაფრად გვარგებს არც ერთი.
ხო, მართლა პოლიტიკოსები და პარტიები არ არსებობენო, ვინც ამბობს, არ არსებულის და მნიშვნელობის არ მქონეს არ აუქმებენ. ზიანს რომ ვაყენებთ სისტემას და მის მრევლს დისკომფორტს ვუქმნით, იმიტომ გვაუქმებენ. თანაც, საერთაშორისო პრაქტიკით, არ არსებობს იმაზე მძიმე გადაწყვეტილება, ვიდრე პარტიის გაუქმებაა და მაშინ კითხვა, რატომ გამოტოვა რეჟიმმა ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის თუ სუბიექტის გაუქმების ოფცია და რატომ მიადგა მაინცდამაინც ჯერ პროტესტის გაუქმების და მერე პარტიების გაუქმების ყველაზე მძიმე თვითდაზიანებას? სრული დიქტატურის გზაზე, ყველაზე მნიშვნელოვან წინაღობად ეს ორი რამ ჩათვალა და არა სხვა, – ცხადია, აი ამიტომ.
და ბოლოს, ძალიან საჭირო და სასარგებლოა რაც ხდება, მეტიც – იმედისმომცემი. დიქტატურამ, ვიდრე წაიქცევა, სიშლეგის ყველა მწვერვალი უნდა დაიპყროს, უკანდაუბრუნებლების წერტილი უნდა გაიაროს. სხვაგვარად უბრალოდ არ ხდება. ამიტომაც, ის ტემპი და თანმიმდევრული სვლა, რასაც ამ მხრივ ქართული ოცნება, როგორც დაგორებული ზვავი, ისე მიყვება, მხოლოდ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ცოტაც!”,- წერს გვარამია.




