შეუძლებელია, პატიმარმა სხვა პატიმრებს გათავისუფლება არ მიულოცოს, ამიტომაც სწორედ მილოცვით დავიწყებ – სავსებით მესმის ვითარების სირთულე და მიხარია, რომ აქედან გამოსავალი „ლელოს“ ჯერ კიდევ აქვს, თან საკუთარ ხელში – არჩევნებადწოდებული სპეცოპერაციიდან გამოსვლას და გაერთიანებული ოპოზიციის წიაღში დაბრუნებას ვგულისხმობ. სწორედ ამისი იმედი და მოლოდინი მაქვს მამუკასგან და ბადრისგან. თუ ასე არ მოხდა, საშინელი ანტისანიტარია დაისადგურებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც მიხეილ ყაველაშვილის მიერ, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების: მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას ეხმაურება.
როგორც გვარამია წერს, მძიმე შეცდომაა იმაზე საუბარი, რომ ახლა ბიძინას ტაქტიკაა „დაყავი და იბატონე“, მისი ტაქტიკაა „გააერთიანე და დაამცირე“.
„პირველ რიგში შეუძლებელია, პატიმარმა სხვა პატიმრებს გათავისუფლება არ მიულოცოს, ამიტომაც სწორედ მილოცვით დავიწყებ.
მეორე, სავსებით მესმის ვითარების სირთულე და მიხარია, რომ აქედან გამოსავალი „ლელოს“ ჯერ კიდევ აქვს, თან საკუთარ ხელში – არჩევნებად წოდებული სპეცოპერაციიდან გამოსვლას და გაერთიანებული ოპოზიციის წიაღში დაბრუნებას ვგულისხმობ, ცხადია. არ დავმალავ, სწორედ ამისი იმედი და მოლოდინი მაქვს მამუკასგან და ბადრისგან. თუ ასე არ მოხდა, საშინელი ანტისანიტარია დაისადგურებს ოპოზიციურ პოლიტიკურ და მედია ველზე.
მესამე, მძიმე შეცდომაა იმაზე საუბარი, რომ ახლა ბიძინას ტაქტიკა „დაყავი და იბატონეა“. არა, მეგობრებო. მისი ტაქტიკა „გააერთიანე და დაამცირეა“.
არავის ვურჩევდი ბიძინას მიერ დამცირებულთა გაერთიანებაში ყოფნას. ეს დაღუპვის უმოკლესი და უტყუარი გზაა. ასევე, და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, სამშობლოს გადარჩენის დაზიანების და ბიძინას გაძლიერების უტყუარი გზა.
და მეოთხე და მთავარი: შეიძლება ვინმეს უცნაურად და უადგილოდ მოეჩვენოს ამ სიტუაციაში ეს მიმართვა, მაგრამ სწორედ აქ და ახლა მგონია ამის თქმა საჭირო.
მინდა მივმართო „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს: ზაზა, თუ მართლა ვცდები და შენი ( ჩემთვის აუხსნელი) ქმედებებით არხის პარალიზება ბიძინას თამაში არაა და უბრალოდ ბრაზით გამოწვეული გაუგებრობაა, შეგიძლია ახლა უმარტივესად დაამტკიცო ეს – მიეცი არხს შეუფერხებლად ფუნქციონირების და მაუწყებლობის აღდგენის შესაძლებლობა. ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ჩავეხსნათ „მთავარს“ ყველა დამფუძნებელი და არხის კოლექტივმა თავად გადაწყვიტოს რას და როგორ გააკეთებს. თუ ეს მხოლოდ წყენებია და არა ბიძინას გეგმა, სამშობლოს რომ გადავარჩენთ, მერე გავარჩიოთ ჩვენს შორის ( ყველას ვგულისხმობ, მარტო ჩვენ ორს არა) გაუგებრობები. ახლა დავდგეთ პირადზე მაღლა, რადგან ცოტა რამ თუა ახლა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც გავლენებისგან თავისუფალი „მთავარი არხი“, რომელიც 24/7 ზე მხოლოდ პროტესტის სამსახურში იდგება“,- წერს გვარამია.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. ყაველაშვილმა მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მას სურს არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება.
ასევე შეგახსენებთ, რომ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს პარტიის ოფისში დააკავეს. მათი დაკავება მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით მოხდა, რომელმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ორივე ლიდერი დამნაშავედ ცნო.
მათ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი და ამავე დროს, აკრძალული თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
