“ნიკა გვარამიას შეიძლება ახალი ბრალი წარუდგინონ” – “მთავარი არხის” იურისტი

“მთავარი არხის” იურისტის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, “პროკურატურა ამ შემთხვევაში არის რეჟიმის ნების აღმსრულებელი”, ვინაიდან გიორგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე გამოძიებაც კი არ უნდა დაწყებულიყო, მითუმეტეს “მთავარი არხიდან” დოკუმენტაციის ამოღება არ უნდა მოეთხოვათ.
“პროკურატურა ამ შემთხვევაში არის რეჟიმის ნების აღმსრულებელი. რა შეიძლება იყოს რეჟიმის პოლიტიკური ამოცანა – ამის გამოცნობა არ არის მარტივი ამბავი იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ძალიან არაადეკვატურად იქცევიან. თუმცა, ყველაზე სავარაუდო სცენარად, ბუნებრივია, გამოიყურება ის, რომ მათ ახალი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება წარუდგინონ “მთავარი არხის” ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას და ახლა უკვე ამ საქმეზე განახორციელონ მისი პოლიტიკური დევნა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ პროკურატურა შემოვიდა “მთავარ არხში” ისეთი აბსურდული საჩივრის საფუძველზე, როგორიც ოქუაშვილის დანიშნულ დირექტორს ჰქონდა წარდგენილი, უკვე მიანიშნებს, რომ ისინი არ არიან მიუკერძოებელი საგამოძიებო ორგანო. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოძიების დაწყების საფუძველიც კი არ იარსებებდა, არათუ “მთავარ არხში” შესვლის და იქიდან დოკუმენტაციის ამოღების,” – განაცხადა საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, გენერალურმა პროკურატურამ “მთავარი არხის”და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოსაპოვებელი დოკუმენტაციის და ელექტრონული ინფორმაციის მოძიების და შემდგომი გადმოცემის მიზნით, განჩინებები ჩააბარა და დოკუმენტების გადასაცემად გონივრული ვადა დაუწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია