„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტში, ნატო ჩხეიძესა და მის პარტიას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ საგადასახადო დავალიანების ნაწილი ჩამოეწერათ.
ამის შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ამასთან, როგორც ის ამბობს, საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია მისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ საბუღალტრო დოკუმენტაცია ოფიციალურად გადმოიბარა.
„ნატო ჩხეიძემ და მისმა ამფსონებმა „ქოცებს“ იუსტიციის საბჭოს წევრები აარჩევინეს. რატომ მისცა ივანიშვილის კანდიდატს ნატო ჩხეიძემ და მისმა ამფსონებმა ხმა, ეს უკვე პარტიის დაფუძნების მერე აღმოვაჩინე. დოკუმენტურად აღმოვაჩინე. საზოგადოებისთვის ალბათ ცნობილია, რომ საარჩევნო ნომერი 4 – ის გამო ჩვენ გადავიბარეთ ნიკა მაჭუტაძის პარტია, რომლის პარტნიორებიც იყვნენ და-ძმა ჩხეიძეები. ამ პარტიით ისინი ერთად შევიდნენ „ნაცმოძრაობის“ სიაში და იმ სამარცხვინო კენჭისყრის შემდეგ სამივე ერთად გარიცხეს. ჰოდა, ბუღალტერიის გადმობარებისას წავაწყდი მეტად საინტერესო დოკუმენტს: 300 ათასზე მეტი იყო პარტიის საგადასახადო დავალიანება და ხმის მიცემიდან 1 კვირის თავზე, თითქმის 200 ათასამდე ჩამოაწერეს საგადასახადო შეთანხმებით! თქვენ წარმოგიდგენიათ, რომელიმე ოპოპარტიას საგადასახადო შეთანხმებას უფორმებდეს „ქოცი“?! აი ესაა პოლიტიკური კორუფცია, თან სამშობლოს ინტერესების ხარჯზე!“-წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.