ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსი ოლიგარქის მიერ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობას და ამის შემადგენელი ნაწილია სწორედ დღეს ჩატარებული ბრიფინგი და ბრალდებები, რომელიც უნდა წარედგინოთ პოლიტიკოსებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას ადვოკატმა განაცხადა, რომელიც რუსთავის ციხეში მივიდა, რათა ნიკა გვარამიასთვის ახალი ბრალის წარდგენას დაესწროს.
დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, „თავმოყვარე იურისტი“ არ წაიკითხავდა იმ ტექსტს, რაც გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგზე წაიკითხა.
„აქ შეუძლებელია რაიმე სამართლებრივ მხარეზე ვისაუბროთ, იმიტომ, რომ არცერთი ოდნავ თავმოყვარე იურისტიც კი არ წაიკითხავდა იმ ტექსტს, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ ბრიფინგზე. ცხადია, აქ სამართალი არაფერ შუაში არ არის, ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსი ოლიგარქის მიერ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობას და ამის შემადგენელი ნაწილია სწორედ დღეს ჩატარებული ბრიფინგი და ბრალდებები, რომელიც უნდა წარედგინოთ პოლიტიკოსებს, ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას”, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.




