ნიდერლანდში მძარცველებმა გალერეიდან ენდი უორჰოლის ნამუშევრები წაიღეს

ნიდერლანდის სამხრეთში მდებარე ქალაქ ოისტერვეიკში, მძარცველებმა სამხატვრო გალერეის შესასვლელი ააფეთქეს და ამერიკელი ხელოვანის, ენდი უორჰოლის (06.08 1928 – 22.02.1987 წწ.) ორი ნახატი გაიტაცეს. კიდევ ორი ნახატი იქვე, შორიახლოს იპოვეს.
გალერეის მფლობელმა, მარკ ვისერმა განაცხადა, რომ ქურდებმა სცადეს მოეპარათ უორჰოლის ოთხი ნამუშევარი “დედოფლის” სერიიდან, რომელიც “პოპ-არტის მეფედ” აღიარებულმა უორჰოლმა 1985 წელს შექმნა. ეს არის დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდის, დანიისა და აფრიკის ესვატინის სამეფოს დედოფლების პორტრეტები.
ვისერის თქმით, ქურდობა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. ისინი ნახატების ავტომანქანით წაღებას ცდილობდნენ, მაგრამ ორი ნახატი მანქანაში აღარ ჩაეტია და ამიტომ ისინი უბრალოდ გადაყარეს. ვისერმა თქვა აგრეთვე, რომ აფეთქების გამო, გალერეის შენობა თითქმის დანგრეულია, დაზიანდა ახლომდებარე სახლებიც. თავად ძარცვას მან “არაპროფესიული” უწოდა.
გალერისტის თქმით, ორი მოპარული პორტრეტი მძარცველებმა ჩარჩოდან ამოგლიჯეს, რითაც, სავარაუდოდ, მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.
ნიდერლანდელმა დეტექტივმა, არტურ ბრანდმა, რომელსაც The Guardian-ი ესაუბრა, ასევე განაცხადა, რომ ეს ქურდობა არ იყო ტიპური: მძარცველები, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებზე არიან “სპეციალიზებული”, ასაფეთქებელს თითქმის არასდროს იყენებენ.
წყარო: რადიო თავისუფლება

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…