ნიდერლანდის კოალიციური მთავრობა დაიშალა მას შემდეგ, რაც ის დატოვა ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“.
მმართველი კოალიციიდან გასვლის გადაწყვეტილება დღეს, 3 ივნისს გამოაცხადა პარტიის ლიდერმა, პოპულისტმა ხეერტ ვილდერსმა. მან მიზეზად დაასახელა ნელი ტემპით დანერგვა „ისტორიაში ყველაზე მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის“, რომლის შესახებაც „თავისუფლების პარტია“ კოალიციურ პარტნიორებს შეუთანხმდა 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
ვილდერსის ინფორმაციით, „თავისუფლების პარტიის“ წევრი მინისტრები კოალიციურ მთავრობას ტოვებენ. მმართველი კოალიციის დაშლა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამოიწვევს.
ანტიმუსლიმური რიტორიკით ცნობილმა ვილდერსმა მაისის ბოლოს კოალიციის წევრებს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ დაეჭირათ მხარი ლტოლვილების მიღების შეწყვეტის, სირიელი ლტოლვილების სამშობლში დაბრუნების და ლტოლვილთა განთავსების ცენტრების დახურვის წინადადებებისთვის, რაზეც უარი მიიღო.
2023 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ნიდერლანდის ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ შეძლო მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი ხმების მიღება.
ამასთან, პირველ ადგილზე გავიდა „თავისუფლების პარტია“, რომელმაც 150-წევრიან პარლამენტში ყველაზე მეტი, 37 მანდატი მოიპოვა.
მრავალთვიანი მოლაპარაკების შედეგად, 2024 წლის მაისში კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ პოლიტიკური გაერთიანებები: ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“, ლიბერალური „სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის”, ქრისტიან-დემოკრატიული იდეოლოგიის „ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება“ და მემარჯვენე-პოპულისტური „ფერმერთა სამოქალაქო გაერთიანება”.
სამი პარტია პირველ ადგილზე გასულ ულტრამემარჯვენეებთან კოალიციის შექმნას იმ პირობით დასთანხმდა, რომ ხეერტ ვილდერსი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უარს იტყოდა. კოალიციური შეთანხმებით ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი გახდა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, უპარტიო დიკ სხოფი.
ფორუმი
