ნიდერლანდებში, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის გამო, სამი პირი დააკავეს

ნიდერლანდებში ევროკავშირის მიერ ს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის გამო სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
“Eurojust-მა და Europol-მა მხარი დაუჭირეს ნიდერლანდების, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვისა და კანადის ხელისუფლების კოორდინირებულ ქმედებებს რუსეთის წინააღმდეგ საექსპორტო სანქციების სავარაუდო დარღვევის წინააღმდეგ. ერთობლივი მოქმედებების დროს დააკავეს სამი ეჭვმიტანილი და ჩატარდა ჩხრეკა 14 ადგილას, ტექნოლოგიური და ლაბორატორიული ტექნიკის უკანონო ექსპორტის გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა”, – ნათქვამია ანგარიშში.
დაკავებულებს ბრალად საერთაშორისო კონტრაბანდის ქსელში მონაწილეობა ედებათ. 2023 წლის ბოლოს ნიდერლანდების ხელისუფლების მიერ დაწყებულმა გამოძიებამ ბიზნეს-ქსელი აღმოაჩინა, რომელიც რუსეთში პროდუქციის ექსპორტის აკრძალვის გვერდის ავლისთვის გამოიყენებოდა. ეს ბიზნესები ორიენტირებული იყო ნიდერლანდებში რეგისტრირებული სავაჭრო კომპანიის გარშემო, რომელიც 2017 წელს ელექტრო და ლაბორატორიული აღჭურვილობის იმპორტის, ექსპორტისა და გაყიდვის მიზნით დაარსდა. ამ კომპანიას მართავს ადმინისტრატორი რუსეთიდან, რომელიც ასევე ერთადერთი აქციონერია.
დაკავებულებიდან ორი ეჭვმიტანილი მსხვილი სავაჭრო კომპანიის ადმინისტრატორი იყო. მესამე გარე კონტრაქტორის თანამშრომელია, რომელმაც, სავარაუდოდ, ექსპორტის აკრძალვის დარღვევის შესახებ იცოდა.
როგორც ცნობილია, ნიდერლანდებში სამართალდამცავებმა 55 წლის მამაკაციც დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთისთვის მიკროჩიპების მიწოდებაში სანქციების გვერდის ავლით. დაყადაღებულია მისი საბანკო ანგარიშები და სავაჭრო ინვენტარი.