ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა კიევში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას უკრაინისთვის 27 მილიონი ევროს დახმარება გამოაცხადა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ნიდერლანდების საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტიდან 20 მილიონი მიმართული იქნება უკრაინის ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებაზე, რომელიც რუსეთის თავდასხმების შედეგად სერიოზულად დაზიანდა.
ნიდერლანდების საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ თანხა განკუთვნილია როგორც ენერგეტიკული ობიექტების შეკეთებასა და დაცვაზე, ასევე ელექტროენერგიის დეცენტრალიზებულ წარმოებაზე.
გარდა ამისა, კასპარ ველდკამპმა გამოაცხადა 7 მილიონი ევროს კონტრიბუცია ნატო-ს უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტში, რომლის ფარგლებში ალიანსი უკრაინას არალეტალურ მხარდაჭერას უწევს.
კიევში ვიზიტის დროს, ველდკამპმა მოლაპარაკებები გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერ ოლგა სტეფანიშინასთან.
საგარეო მინისტრის მტკიცებით, ნიდერლანდები რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციების ერთგული რჩება და გააგრძელებს ძალისხმევას უკრაინის მოქალაქეებისთვის სამართლიანობის მისაღწევად.