უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე ნიდერლანდებმა კიევისთვის ახალი სამხედრო დახმარება გამოაცხადა, რომელიც დაჭრილების ევაკუაციისთვის განკუთვნილ ჯავშანტექნიკასაც მოიცავს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა YPR-ის ტიპის 25 ერთეულ ჯავშანმანქანას მიიღებს.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა, ჩეხეთთან და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით, უკრაინას დაპირებული T-72 ტიპის საბრძოლო ტანკები გადასცა. ამასთან, ბრეკელმანსმა დაადასტურა, რომ უკრაინამ, ცოტა ხნის წინ, ნიდერლანდური F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების ახალი პარტია მიიღო.
„განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინელები ფრონტის ხაზზე იბრძვიან, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა შეუფერხებლად. რუსეთის წინააღმდეგ მშვიდობა მხოლოდ სამხედრო ძალით არის შესაძლებელი“, – განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნიდერლანდები უკრაინას, საერთო ჯამში, 10 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას დაჰპირდა, საიდანაც 6 მილიარდი უკვე გამოყენებულია.
