ნიდერლანდებმა და უკრაინამ უსაფრთხოების სფეროში ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას ითვალისწინებს. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც რუტემ აღნიშნა, უკრაინა სამხედრო დახმარების ფარგლებში საჰაერო თავდაცვის სისტემებს და F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს მიიღებს.
“ვცდილობთ, ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, რაშიც განსაკუთრებით ძლიერები ვართ. ეს არის საჰაერო თავდაცვა, F-16-ები, მიწა-ჰაერის სისტემები, ეს არის ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ზღვაზე და საბრძოლო მასალების მხრივ. ამ ყველაფერს ხელშეკრულების პირობებში ნახავთ. გარდა ამისა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას NATO-ს სტანდარტების შესრულებაში, დავეხმაროთ ევროკავშირში გაწევრიანებაში. ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს მე-7 პუნქტი – მშვიდობა და სამართლიანობა. გვსურს ყველამ პასუხი აგოს და ეს ნიშნავს აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ საკითხებზე, მტკიცებულებების შეგროვებაზე. ასევე, უკვე ვმუშაობთ გატაცებული ბავშვების უკრაინაში დაბრუნებაზე”. – თქვა რუტემ.
ამავდროულად, ნიდერლანდების პრემიერის თქმით, შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია, რომ ნიდერლანდები მხარს უჭერს უკრაინის სამშვიდობო გეგმას სრულმასშტაბიანი ომის დასრულების შესახებ.
ნიდერლანდებთან უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული 10-წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში უკრაინა მიმდინარე წელს 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიიღებს.