ნიდერლანდების ხელისუფლებაში მყოფი ულტრამემარჯვენე პარტია ევროპარლამენტში ვიქტორ ორბანის ალიანსს შეუერთდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თავისუფლების პარტიის“ (PVV) ლიდერი, ხეერტ ვილდერსი ავრცელებს.
ვილდერსის განცხადებით, მის პარტიას ევროპარლამენტში ძალების გაერთიანება სურს, ამიტომ პოლიტიკურ ჯგუფს „პატრიოტები ევროპისთვის“ შეუერთდება.
„ჩვენ „თავისუფლების პარტიის“ პატრიოტები ვართ, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ძლიერი და სუვერენული. ჩვენ არალეგალურ იმიგრაციას ვეწინააღმდეგებით. მშვიდობასა და თავისუფლებას ვიცავთ. ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ. ჩვენს იუდეო-ქრისტიანულ მემკვიდრეობასა და ჩვენს ოჯახებს ვიცავთ“, – განაცხადა ხეერტ ვილდერსმა.
ნიდერლანდებში, გასული წლის ნოემბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ხეერტ ვილდერსის „თავისუფლების პარტიამ“ (PVV) გაიმარჯვა და მემარჯვენე კოალიციურ მთავრობაში, რომელსაც დიკ სხოოფი ხელმძღვანელობს, ყველაზე დიდი პარტიაა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ჯგუფი, სახელწოდებით „პატრიოტები ევროპისთვის“ შექმნეს.