ნიდერლანდების უნივერსიტეტებში ინგლისური ენა შეიზღუდება

ნიდერლანდების უნივერსიტეტებში ინგლისური ენა შეიზღუდება
ნიდერლანდების განათლების მინისტრი უნივერსიტეტებში ინგლისური ენის შეზღუდვის ინიციატივით გამოდს, რომ ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების ნაკადი შემცირდეს.
კერძოდ, განათლების, კულტურისა და მეცნიერების მინისტრ ეპო ბრუინსმა წერილობით მიმართა ქვეყნის პარლამენტს, რომელშიც სურვილი გამოთქვა, უმაღლეს სასწავლებელ სისტემაში ჰოლანდიური მთავარი ენა გახდეს. მინისტრის არგუმენტით, ბოლო წლებში ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების შედინება იზრდება, რამაც ნიდერლანდელებისთვის საცხოვრებელი და საუნივერსიტეტო ადგილების დეფიციტი გამოიწვია. ეპო ბრუინსი იმედოვნებს, რომ ჰოლანდიური ენის შესწავლის ვალდებულება ერთგვარი ფილტრი გახდება და გამოარჩევს ნიჭიერ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრებითა და მუშაობით დაინტერესებული არიან.
მინისტრის ინიციატივით, საბაკალავრო კურსების, სულ მცირე, ორი მესამედი ჰოლანდიურ ენაზე უნდა ისწავლებოდეს, ხოლო ინგლისური, ძირითადად, მოწვეული უცხოელი ლექტორებისა და მეცნიერების ლექციებისთვის შენარჩუნდეს. კანონის მიღების შემთხვევაში, უნივერსიტეტები სრულად ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს სამინისტროს თანხმობის გარეშე ვეღარ წარადგენენ.

თუ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, ცვლილებები შესაძლოა, 2025/26 სასწავლო წლიდან ამოქმედდეს და ნიდერლანდებში სრულად ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის მოძიება მეტად გართულდეს. რეფორმის მოლოდინში ნიდერლანდების უნივერსიტეტები უცხოეთიდან სტუდენტების მიღების შეზღუდვას უკვე განიხილავენ. ამჟამად უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს ამის ფორმალური უფლება არ აქვთ, თუმცა წლის დასაწყისში პარლამენტმა მათ უფლება მიანიჭა, ცალკეული სასწავლო პროგრამებისთვის სტუდენტური ლიმიტი დაეწესებინათ.
ცნობისთვის: ოფიციალური მონაცემებით 2023 წელს ნიდერლანდებში, თითქმის, 123,000 საერთაშორისო სტუდენტი სწავლობდა, რაც უნივერსიტეტებში ჩარიცხულთა 15%-ს შეადგენს. უცხოელების 75%-ზე მეტი ევროპის სხვა ქვეყნებიდან ჩადის. სტატისტიკის მიხედვით, ჩასული სტუდენტების, დაახლოებით, 25% ნიდერლანდებში საცხოვრებლად დიპლომის მიღებიდან ხუთი წლის განმავლობაში რჩება. ევროპის ეკონომიკური ზონის მცხოვრებლების წილი 19%, ხოლო ევროზონის გარე ქვეყნების მოქალაქეთა წილი 38%-ია.
აღსანიშნავია, რომ უცხოელი სტუდენტების რაოდენობას კანადაც ამცირებს, რისი მიზანიც 2026 წლისთვის ქვეყანაში დროებით მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილის მთლიანი მოსახლეობის 6,5%-დან 5%-მდე შემცირებაა. კერძოდ, 1 ნოემბრიდან ნებისმიერი სტუდენტი, ვინც პოსტდიპლომური სამუშაო ნებართვის (post-graduate work permit-PGWP) მიღებაზე განაცხადს შეიტანს, ინგლისურ ან ფრანგული ენებს საკმარისად უნდა ფლობდეს. ასევე, აუცილებელია ზღვრის გადალახვა ენის ცოდნის ოთხივე ასპექტში, როგორიც არის კითხვა, წერა, მოსმენა და საუბარი. აღნიშნული სერტიფიკატი კურსდამთავრებულმა PGWP-ზე განაცხადის შეტანამდე ორ წელზე ნაკლებ დროში არ უნდა წარადგინოს.

ასევე დაგაინტერესებთ