ნიდერლანდების პრემიერი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრეა

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა იწყება, ორდღიან შეხვედრაზე 27 ქვეყნის ლიდერმა გაფართოების, სა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უნდა ისაუბრონ. განსახილველ საკითხთა შორისაა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მაკრო-ფინანსური დახმარების გაწევა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისიც.
სხდომის დაწყების წინ, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს მარკ რუტეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ჰკითხეს, რაზედაც მან უპასუხა:
“ჩვენ მხარს ვუჭერთ გაფართოების შესახებ ევროკომისიის მიერ განსახილველად წარმოდგენილ ყველა წინადადებას, მათ შორის საქართველოს შესახებაც”, – აცხადებს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი.
უკრაინასთან მიმართებით კი მარკ რუტე აღნიშნავს, რომ ის საბჭოს სხდომაზე შეეცდება აზრთა სხვადასხვაობის დაძლევისთვის იმუშაოს, რათა უკრაინასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს კონსენსუსი შედგეს. დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მხარს არ უჭერს უკრაინისთვის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნას, რადგანაც ქვეყანას ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 7 წინაპირობიდან 3 წინაპირობაზე პროგრესი არ უჩვენებია.
“ვეცდები, ყველა საკითხზე სრული კონსენსუსი შედგეს, როგორც უკრაინასთან და 50 მილიარდის დახმარებაზე, ასევე გაფართოების თაობაზე”, – ამბობს მარკ რუტე.
ევროპული საბჭოს ლიდერთა სხდომა 14-15 დეკემბერს იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საელჩო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს იმ გადაწყვეტილებასთან ეხმაურება, რომლითაც საქართველოსთვის 237 მლნ ევროს ღირებულების დაგეგმილ პროექტებს აჩერებენ