ნია იმნაძის მშობლებმა სცადეს ავალიანისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება – პროკურორი

გიგა ავალიანის საქმის პროკურორის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოიკითხნენ ნია იმნაძის მშობლები, რომლებმაც მისი თქმით, სცადეს ავალიანისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება.
“დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ ნია იმნაძის მშობლები. აღნიშნულმა პირებმა სცადეს გიგა ავალიანისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება და განაცხადეს ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, თითქოს, მათი შვილი იყო სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი მათემატიკის მასწავლებელთან.
თუმცა მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის ობიექტურობაში თავდაპირველად ისედაც გვეპარებოდა ეჭვი. ესენი არიან სუბიექტური მხარე, დაინტერესებული საქმის შედეგებით და ნია იმნაძის იმიჯითაც საზოგადიებაში. ამიტომ, აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქმის სხვა მტკიცებულებებთან და თავად ნია იმნაძის სამ გამოკითხვის ოქმთანაც, რომელიც უდოად იქნა მიჩნეული დაცვის მხარის მიერ.” – თქვა პროკურორმა ქეთევან სონიძემ.
ახალგაზრდა მასწავლებელს თავს პირველ ოქტომბერს დაესხნენ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამკვირიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. თავდაპირველად, საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ა.გ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო გ.რ-ს – დანაშაულის შეუტყობინებლობას.
“დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო.
დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა” – წერდა პროკურატურა.
გიგა ავალიანის ოჯახმა პროკურატურასთან რამდენიმე აქცია გამართა, ისინი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას და სხვა პირების დაკავებასაც ითხოვდნენ. დეკემბრის ბოლოს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის, ზემოთხსენებული დ.ჩ.
ამის შემდეგ, გიგა ავალიანის ოჯახმა კიდევ რამდენიმე აქცია გამართა, მათ შორის, საქმის მასალების გადაცემის და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით.  17 იანვარს ეკა კუპატაძე შიმშილობის დაწყებასაც აანონსებდა, თუმცა, 14 იანვარს დაწერა, რომ საქმის მასალები გადაეცა და დაგეგმილ აქციას დროებით აუქმებდა.
პროკურატურამ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ 3 არასრულწლოვანს ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალი 10 თებერვალს დაუმძიმა. გამოძიება მათ ავალიანის საქმის გარდა ედავება ჯგუფური ძალადობის 4 სხვადასხვა ეპიზოდს.
4 მარტს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ექსპერტების თქმით, გიგა ავალიანს დაზიანება მიყენებული ჰქონდა წინ, მარჯვენა შუბლის მიდამოში.
16 მარტს, პროკურორმა განაცხადა, რომ ავალიანის საქმეზე მაღალჩინოსნის მერაბ მალანიას შვილი, გიორგი მალანია გამოიკითხა.
27 მარტს, პროკურატურის განცხადებით, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინეს.