ნეტო დარიცხვაზე მოთხოვნა არის – სემეკის თავმჯდომარე

ნეტო დარიცხვის სისტემაში ჩართვაზე უკვე არის მოთხოვნა იმის მიუხედავად, რომ კომისიას ახალი სისტემის წესი ჯერ არ დაუმტკიცებია, – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია განმარტავს.
ნეტო დარიცხვა გულისხმობს ქსელში მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის ცალ-ცალკე აღრიცხვას და ფინანსურ ანაზღაურებას. ანუ აქტიური მომხმარებელი იღებს ანაზღაურებას გამომუშავებული და ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიისთვის და ამასთანავე იხდის ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას. ნეტო აღრიცხვა კი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენონ ქსელში გადაცემული ჭარბი ელექტროენერგია მომავალი მოხმარებისთვის.
ცნობისთვის, ნეტო დარიცხვაზე კანონში ცვლილება პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
დავით ნარმანიას მტკიცებით, დაინტერესება როგორც ფიზიკური, ისევე იურიდიული პირებისგანაა.
“ივლისში დავამტკიცებთ ამ წესს და გამოქვეყნებიდან მეორე დღეს უკვე შესაძლებელი იქნება ენერგოპრო ჯორჯიას ქსელში განაცხადების შეტანა. მანამდე ნებისმიერ პირს შეუძლია წინასწარ დაამონტაჟოს ეს სისტემები, უბრალოდ ქსელში ჩართვა მოხდება მას შემდეგ, რაც წესი დამტკიცდება და ძალაში შევა”, – ამბობს ნარმანია.