ნეტო აღრიცხვის სისტემა საქართველოში – როგორ მუშაობს განახლებადი ენერგიების გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულება

„ნეტო-აღრიცხვა“ ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების – მზის, ქარის, წყლის, (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კილოვატს.
თუ თქვენ ფლობთ მზის, ქარის, ჰიდრო ან/და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს, შეგიძლიათ პარალელურ რეჟიმში ჩაერთოთ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში და ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდოთ გამანაწილებელ კომპანიას. ეს საშუალებას მოგცემთ დაიკმაყოფილოთ საკუთარი მოხმარება, დაზოგოთ თქვენი კომუნალური ხარჯები, და მეტიც, მიიღოთ სარგებელი გამანაწილებელი კომპანიისაგან. ასევე, გამოიმუშაოთ სუფთა ენერგია გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე.
ნეტო აღრიცხვა ეს არის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად (რევერსულად) აღრიცხვის პროცესი, რა დროსაც წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია ერთმანეთს ქვითავს.
ნეტო აღრიცხვით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, უბნის, დასახლების ან/და სოფლის მცხოვრებლებს და არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური შესაძლოა არ წარმოადგენდეს ამ მომხმარებლ(ებ)ის საკუთრებას და იმყოფებოდეს მის/მათ დროებით მფლობელობაში, ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით.
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოება და წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარება შესაძლებელია სხვადასხვა ადგილას ხდებოდეს, ამისათვის აუცილებელია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური და მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი ერთი და იმავე განაწილების ლიცენზიატის ქსელზე იყვნენ მიერთებული. იმ შემთხვევაში, როცა მოხმარებისა და წარმოების ადგილი სხვადასხვაა, თითოეულ მომხმარებელთან ანგარიშსწორებისათვის მონტაჟდება როგორც რევერსული, ისე ჭკვიანი მრიცხველი.
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელში ჩასართავად განაცხადით უნდა მიმართოთ გამანაწილებელ კომპანიას. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთება ხორციელდება გამარტივებული პროცედურით – ერთი ფანჯრის პრინციპით. კომპანია ვალდებულია მომხმარებლის ქსელზე მიერთების განაცხადის მიღების შემდეგ მომხმარებელს ან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მომხმარებელთა ჯგუფის მიერ სარგებლობისას, თითოეულ მომხმარებელს დაუმონტაჟოს ინდივიდუალური რევერსული ან ჭკვიანი მრიცხველი ანგარიშსწორებისათვის. მომხმარებელთა ჯგუფის ყველა წევრის მოხმარებული და წარმოებული კილოვატსაათების დარიცხვა ერთსა და იმავე დღეს მოხდება, რომლის მიხედვითაც წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია გაიქვითება, ხოლო წლის განმავლობაში დაგროვილ ჭარბ ელექტროენერგიას შეისყიდის გამანაწილებელი კომპანია.
სემეკის ინფორმაციით, 2022 წელი ნეტო აღრიცხვის მიმართულებით უპრეცედენტო იყო წინა წლებთან შედარებით, გამომდინარე იქიდან, რომ გასულ წელს ჩართული აბონენტების რაოდენობა გაორმაგდა. 2022 წლის საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველოში 2022 წელს ნეტო–აღრიცხვის რეგულაციაში მოექცა 348 ახალი მიკროელექტროსადგური, ჯამური სიმძლავრით 17,931 კვტ. აღნიშნულ რეგულაციაში 2022 წლის ბოლოსთვის ჯამურად ჩართულია 717 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 35,676.3 კვტ.