„ნეტგაზეთის“ მთავარი რედაქტორის, ნესტან ცეცხლაძის განცხადებით, მისი კოლეგა მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ის უნდა გათავისუფლეს.
როგორც ნესტან ცეცხლაძემ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიმართ ხდება ორკესტრირებული თავდასხმა სხვადასხვა ინსტიტუტის მხრიდან.
„მოლოდინზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტია, მთელი ამ 7 თვის განმავლობაში მზია არის უკანონო პატიმრობაში. მის მიმართ ხდება ორკესტრირებული თავდასხმა სხვადასხვა ინსტიტუტის მხრიდან. უნდათ პოლიციელზე თავდამსხმელად გამოიყვანონ, რაც ღიმილისმომგვრელია. ამბობენ, რომ 700 პოლიციელისთვის, რომელიც აჭარაში მუშაობს, თურმე საფრთხეა. თუ დავაკვირდებით, ირაკლი კობახიძეც როცა განცხადებას აკეთებს, მრავალ ცილისწამებასთან ერთად, ამბობს, რომ მზია ამაღლობელმა შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს“,- განაცხადა ცეცხლაძემ.
ცნობისთვის, დღეს მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი პროცესი გაიმართება.
