ნეპალის ხელისუფლებამ სოციალური მედია პლატფორმებზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ორშაბათს კორუფციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე 19 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. საპროტესტო აქციებს ბიძგი სოციალური მედია პლატფორმების აკრძალვამ მისცა.
Reuters-ის ინფორმაციით, დღეს დილიდან ნეპალში ყველა აპლიკაცია ხელმისაწვდომია.
კატმანდუს რაიონის ადმინისტრაციის ცნობით, ხელისუფლებამ დედაქალაქ კატმანდუს ტერიტორიაზე განუსაზღვრელი ვადით კომენდანტის საათი დააწესა, რაც შემდგომი საპროტესტო აქციების შეჩერებას ისახავს მიზნად.
„კომენდანტის საათის განმავლობაში საპროტესტო აქციები, მასობრივი შეკრებები, შეხვედრები ან ხალხის შეკრებები არ დაიშვება“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, გასულ კვირას ნეპალის მთავრობამ რამდენიმე სოციალურ მედია პლატფორმაზე, მათ შორის, „ფეისბუქზე“ წვდომა დაბლოკა.
მთავრობა აცხადებს, რომ ყალბი ანგარიშების მიერ სხვადასხვა პლატფორმების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, სოციალური მედია პლატფორმები სამთავრობო ორგანოებში უნდა დარეგისტრირდნენ.
