ნეპალის პრემიერ-მინისტრი გადადგა – Reuters

მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე თანამდებობიდან გადადგა ნეპალის პრემიერ-მინისტრი, კომუნისტური პარტიის ლიდერი შარმა ოლი. მისი გადადგომის შესახებ დღეს, 9 სექტემბერს სააგენტო Reuters-ი იუწყება ოლის თანაშემწეზე დაყრდნობით.
ნეპალის მთავრობამ საპროტესტო აქციების შედეგად 8 სექტემბერს გააუქმა ქვეყანაში სოციალური ქსელების აკრძალვა, თუმცა აქციები გაგრძელდა.
დედაქალაქ კატმანდუსა და სხვა ქალაქების ქუჩებში 8 სექტემბერს გამოსული დემონსტრანტები მთავრობის პოლიტიკასა და კორუფციას აპროტესტებდნენ. აქციები არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ სპეციალური საშუალებები გამოიყენა. დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი.
მთავრობის მიერ სოციალური ქსელების აკრძალვის გაუქმებისა და კატმანდუში კომენდანტის საათის გამოცხადების მიუხედავად აქციები 9 სექტემბერსაც გაგრძელდა. დემონსტრანტები აქციის მონაწილეთა დარბევასაც აპროტესტებენ.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კატმანდუში დაწვეს და დაარბიეს რამდენიმე პოლიტიკოსის სახლი.
ტელეკომპანია India Today ნეპალის მთავრობაში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრემიერ-მინისტრმა ოლიმ სახმელეთო ძალების სარდლობას მოსთხოვა სიტუაციის სტაბილიზაცია, პასუხად კი მიიღო, რომ ამას მხოლოდ მისი გადადგომის შემთხვევაში შეძლებენ.
ამავე ტელეარხის ცნობით, სამხედროებმა კატმანდუს აეროპორტიდან დაიწყეს ვერტმფრენებით მთავრობის წევრების ევაკუაცია. ნეპალის კოალიციურ მთავრობაში ძირითადად, კომუნისტები და სოციალ-დემოკრატები არიან.
განახლება: მედიით გავრცელდა შარმა ოლის განცხადება, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, რათა ხელი შეუწყოს კრიზისის კონსტიტუციური გზებით დაძლევას.