ნემცოვის მკვლელი გაათავისუფლეს, იგი უკრაინაში ომობს – „ნოვაია გაზეტა – ევროპა“

რუსი ოპიზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულად ცნობილი თამერლან ესკერხანოვი ციხიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა და უკრაინაში საომრად წავიდა, იუწყება „ნოვაია გაზეტა – ევროპა“.
გამოცემა თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ესკერხანოვმა საომრად წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უარი ეთქვა პირობით გათავისუფლებაზე. იგი უკრაინაში თებერვლიდან იმყოფება.
თუმცა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან საომრად წასულ მსჯავრდებულთა უმრავლესობისგან განსხვავებით, ესკერხანოვი ომობს „ბევრად კომფორტულ და უსაფრთხო პირობებში“, ამბობს „ნოვაიას“ წყარო. მისივე თქმით, ნემცოვის მკვლელობის შემსრულებელს ფრონტზე ნათესავები სტუმრობენ, შვებულებას კი იგი ჩეჩნეთში ატარებს.
ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს, მოსკოვში, კრემლთან ახლოს მოკლეს. ხელისუფლებამ დააკავა ნემცოვის მკვლელები, თუმცა არ უძებნია მკვლელობის დამკვეთი.