პრორუსული პოლიტიკური მოძრაობა “ნეიტრალური საქართველო”, რომელიც ხშირად იმეორებს „ქართული ოცნების“ გზავნილებს, ახალი ინიციატით გამოდის – ისინი ხელისუფლებას სთხოვენ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გაიმართოს პლებისციტი “ევროპერსპექტივის” შესახებ.
მოძრაობის აზრით, ქართველმა ხალხმა ამ პლებისციტზე უნდა უპასუხოს კითხვას: ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება?!
ნეიტალური საქართველო მიიჩნევს, რომ ამ გზით ხელისუფლება დაასრულებს “ილუზორულ პირობებში ცხოვრებას, რამეთუ აბსოლუტური ბლეფია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და პირველ რიგში, ჩვენ თავადვე უნდა ვთქვათ უარი ისეთ ნაბიჯზე, რომელიც საქართველოს უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ კრიზისში შეიყვანს. ”
პრორუსული პოლიტიკური მოძრაობის ინიციატივა ეფუძნება გავრცელებულ სიცრუესა და დეზინფორმაციულ ნარატივს, რომლის თანახმად, ევროპა “გარყვნილების ბუდეა” და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ექნება ვალდებულება დააკანონოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ამგვარი ვალდებულება არ აქვთ და საკითხის ასე დასმა ევროინტეგრაციაზე მსჯელობისას მანიპალაციურია.
საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი წლების განმავლობაში დასტურდება როგორც სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, ისე ხალხმრავალი პროევროპული გამოსვლებით. 28 ნოემბრის შემდეგ, როცა ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეწყვეტის შესახებ გააკეთა განაცხადი, როგორც თბილისში, ისე რამდენიმე სხვა ქალაქში მოქალაქეები უწყვეტი პროტესტით გამოხატავენ უკმაყოფილებას შეცვლილი საგარეო ვექტორის გამო.
ნეიტალური საქართველო, რომლის დამფუძნებლებიც არიან ბიძინა გიორგობიანი, გელა ნიკოლაიშვილი, ვატო შაქარიშვილი და ნანა კაკაბაძე, არა მხოლოდ ქართული ოცნების გზავნილების გამტარები, რიგ შემთხვევაში ხელისუფლების “დამხმარე რგოლის” როლის შემსრულებლები არიან სხვადასხვა ინიციატივის ლობირებისას.
მაგალითად, 2025 წლის 17 მარტს იმ საქველმოქმედო ფონდების ანგარიშები, რომლებიც აქციებზე დაკავებულებს ეხმარებოდნენ მსხვილი ფინანსური ჯარიმების გადახდაში, სწორედ ვატო შაქარაშვილისა და ნანა კაკაბაძის სარჩელის საფუძველზე დააყადაღეს.
ფორუმი
